ბურსიტი სახსრის სინოვიური აბგის მწვავე ან ქრონიკული ანთებაა და ხსენებულ უბანში ექსუდატის დაგროვება ახასიათებს. სინოვიური აბგა წარმოადგენს სინოვიური სითხით სავსე ტომრისებრ ღრუს. ის სხეულის იმ ადგილას მდებარეობს, რომელზეც მოძრაობისას ყველაზე მეტი მექანიკური დატვირთვა მოდის, მაგალითად, მყესების ქვეშ. ბურსიტს, ჩვეულებრივ, თან სდევს მყესების ანთება. ბურსიტი მეტად გავრცელებული დაავადებაა. ყველაზე ხშირად მას ტრავმა იწვევს, შედარებით იშვიათად - ინფექცია, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ინტოქსიკაცია, ალერგიული რეაქციები, აუტოიმუნური პროცესები. სინოვიური აბგის ღრუში დაგროვილი ექსუდატი შეიძლება იყოს სეროზული, ჩირქოვანი ან ჰემორაგიული. სინოვიური აბგის გასქელებულ კედლებზე ზოგჯერ კალციუმი, ურატები და სხვა მარილები ილექება. |