lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
გინგივიტი
გინგივიტი ღრძილში მიმდინარე ანთებითი პროცესია, რომლის დროსაც კბილ-ღრძილის კავშირი შენარჩუნებულია (კბილები არ ირყევა). გინგივიტი დამოუკიდებელ დაავადებად განიხილება, მაგრამ შესაძლოა, პაროდონტის სხვა პათოლოგიებსაც ახლდეს თან. გინგივიტის მიზეზად შეიძლება იქცეს როგორც გარეგანი (ეგზოგენური), ისე შინაგანი (ენდოგენური) ფაქტორები. ეგზოგენურია ადგილობრივი მატრავმირებელი ფაქტორები, მათ შორის - კბილის ქვა: კბილის ყელში არსებული რბილი ნადები თანდათან მინერალიზდება და მკვრივდება, აზიანებს მიმდებარე ღრძილს და პირის ღრუში არსებული მიკრობების დახმარებით ხელს უწყობს ანთების განვითარებას. გინგივიტის ჩამოყალიბებაში განსაზღვრულ როლს ასრულებს კბილების ღეჭვით დაუტვირთაობა (ჰიპოფუნქცია). ის გავლენას ახდენს პაროდონტის ქსოვილთა ფუნქციონირებაზე, მათ ტონუსზე და ხელს უწყობს პაროდონტში ატროფიული პროცესების დაწყებას. ჰიპოფუნქცია ამცირებს ადგილობრივ  სისხლის მიმოქცევას, ასუსტებს ქსოვილთა მეტაბოლიზმს, რასაც ქსოვილებში დესტრუქციული პროცესების დაწყებამდე მივყავართ. ენდოგენური ფაქტორებია შინაგან ორგანოებში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები, მათ შორის - მინერალური ცვლის დარღვევა, ენდოკრინული დაავადებები, ნერვული სისტემის დაავადებები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები და სხვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლძარღვოვანი სისტემის მდგომარეობა.