lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
გულის ბლოკადა
გულის ბლოკადას უწოდებენ გულის გამტარ სისტემაში იმპულსის გავრცელების შეფერხებას ან შეწყვეტას. გასაგები რომ გახდეს, რა არის ბლოკადა და რამდენად საშიშია ის, ორიოდე სიტყვა მაინც უნდა ითქვას გულის გამტარი სისტემის შესახებ. გულის მუშაობას მისი კუნთის შეკუმშვა-მოდუნება უზრუნველყოფს. შეკუმშვა ხორციელდება ელექტრული იმპულსების ზემოქმედებით, რომლებიც ე.წ. გამტარი სისტემის საშუალებით გულის კუნთის ყოველ ნაწილში გაივლის. იმპულსი წარმოიქმნება სინუსურ კვანძში, ვრცელდება წინაგულებში და მათ შეკუმშვას იწვევს, წინაგულებიდან იმპულსი ვრცელდება პარკუჭებში, სადაც გამტარი სისტემა იტოტება, რათა იმპულსმა პარკუჭის ყველა წერტილამდე მიაღწიოს. გამტარი სისტემის რომელიმე უბანში ელექტრული იმპულსების გატარების დარღვევას გულის ბლოკადას უწოდებენ. გულის ბლოკადა შეიძლება განვითარდეს გულის კუნთის პრაქტიკულად ყოველგვარი დაზიანების (მათ შორის - სტენოკარდიის, მიოკარდიტის, კარდიოსკლეროზის, მიოკარდიუმის ინფარქტის, გულის რომელიმე ნაწილის ჰიპერტროფიის, მომატებული დატვირთვის, ასევე - რომელიმე წამლის ზედოზირების ან არასწორად დანიშვნის შემთხვევაში. გულის ბლოკადა ასევე შეიძლება გამოიწვიოს მემკვიდრეობითმა წინასწარგანწყობამ ან გულის განვითარების შეფერხებამ მუცლადყოფნის პერიოდში. გულის ბლოკადის კლასიფიკაცია იმის მიხედვით ხდება, თუ რომელ ნაწილში ფერხდება იმპულსის გავლა: სინუსურ კვანძში, ატრიოვენტრიკულურ კვანძში თუ გამტარი სისტემის ტოტებში და როგორ გამოვლინდება იგი. განასხვავებენ გულის ბლოკადის რამდენიმე ხარისხს: I ხარისხის ბლოკადას - როცა იმპულსების გავლა გვიანდება; II ხარისხის ანუ არასრულ ბლოკადას - როცა იმპულსების ნაწილი გამტარ სისტემაში საერთოდ არ გაივლის; III ხარისხის ანუ სრულ ბლოკადას - როცა იმპულსების გატარება საერთოდ არ წყდება. გულის ბლოკადა შეიძლება იყოს მყარი და გარდამავალი. პირველი მუდმივია, ხოლო მეორე მხოლოდ განსაზღვრულ მომენტებში აღმოცენდება.