lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
დაუნის სინდრომი
დაუნის სინდრომი განვითარების თანდაყოლილი დარღვევაა, რომელიც გონებრივი ჩამორჩენილობით, ძვლების ზრდის დარღვევითა და სხვა ფიზიკური ანომალიებით ვლინდება. ეს არის გონებრივი ჩამორჩენილობის ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული ფორმა, თუმცა სრული იდიოტიზმი არასდროს ვითარდება. დაუნის სინდრომით დაავადებულები ინარჩუნებენ ნაყოფის განვითარების ადრეული სტადიისთვის ნიშანდობლივ ფიზიკურ თვისებებს, მათ შორის - თვალის ვიწრო ნაპრალს, რაც ადამიანს მონგოლოიდური რასისთვის დამახასიათებელ გარეგნობას სძენს. 1866 წელს ლ. დაუნმა სწორედ ამ ნიშნის საფუძველზე უწოდა დაავადებას მონგოლიზმი და განავრცო რასული რეგრესიის მცდარი თეორია. სინამდვილეში დაუნის სინდრომი რასობრივ თავისებურებებთან არ არის დაკავშირებული და ყველა ერის წარმომადგენლებს შორის გვხვდება. დაუნის სინდრომით დაავადებულს აქვს დამახასიათებელი გარეგნობა: ბრტყელი კეფა, ფართო ცხვირის ძვალი, პატარა ყურები, თვალის ირიბი ჭრილი, ნახევრად ღია პირი, კბილების ანომალია. თითები - მოკლე და მსუქანი, ნეკი - შედარებით პატარა და შიგნით მოხრილი, მტევანსა და ტერფზე პირველ და მეორე თითებს შორის მანძილი გაზრდილია, კიდურები მოკლეა, სხეულის სიმაღლე - ნორმაზე ნაკლები. ამასთან ერთად, აღინიშნება კუნთების გამოხატული ჰიპოტონია, ხშირია გულის მანკი და ადრეული სიმელოტე, მომატებულია ინფექციური და სიმსივნური დაავადების (ლეიკოზები) განვითარების რისკი. დაუნის დაავადების დროს ავადმყოფებს სასქესო ნიშნები სუსტად აქვთ განვითარებული და მათ უმრავლესობას შთამომავლობა არ ჰყავს. დაუნის დაავადების დროს ინტელექტი ზომიერ გონებრივ ჩამორჩენილობამდეა დაქვეითებული. ზრდასრული ავადმყოფების გონებრივი განვითარების დონე შვიდი წლის ბავშვისას არ აღემატება.