შავწამალასებრთა ოჯახს ეკუთვნის. დედოფლისთითა გურიაში ცნობილია ონჯახუას სახელით, აჭარაში ნაღრძობის ბალახი. მხოხავფესვურიანი მრავალწლიანი ბალახია. ღერო მწოლარეა ან ოდნავ წამოწეული. მიწასთან შეხების ადგილებში დამატებით ფესვებს ივითარებს. სიგრძით 15-30 სმ-ს აღწევს. უკუკვერცხისებრი ან ელიფსური, მოკლეყუნწიანი ფოთლები ნაპირებში ხერხისმაგვარადაა დაკბილული და ღეროზე ერთმანეთის მოპირდაპირედაა განლაგებული. კენწრულ მტევნებად შეკრებილი მკრთალი ცისფერი ყვავილები ამოსულია კენწეროსთან ახლომყოფი ფოთლების იღლიებიდან, ხშირად სულ ორი მტევანია მცენარეზე. ყვავილობა მაისიდან დაწყებული, სექტემბრამდე გრძელდება. ნაყოფი სამკუთხა უკუკვერცხისებრი ფორმისაა წაკვეთილი თავით. გვხვდება უმეტესად წიწვოვან ტყეებში - ნაძვნარებში, ნაძვნარსოჭნარებში და ფიჭვნარნაძვნარებში. ეს მცენარე ხალხურ მედიცინაში საკმაოდ პოპულარულია. მას იყენებენ ჭრილობების შეხორცების დასაჩქარებლად. საშარდე ბუშტის ტკივილის, სისხლდენის და გაციების დროს. იგი აადვილებს ნახველის ამოღებას. მას იყენებენ ასთმისა და ყელის ანგინის დროს. კანზე გამონაყარისა და ფურუნკულების სამკურნალოდ, ურჩევენ აგრეთვე როგორც შარდდამდენ საშუალებას თირკმლებისა და საშარდე ბუშტის კენჭოვანი დაავადების დროს. ამ ბალახის სპირტიან ნაყენს ხალხური მედიცინა ეგზემის სამკურნალოდ იყენებს, დადებით შედეგებს იღებენ ქერტლის მკურნალობაშიც. მონახარშის მოსამზადებლად 20 გრ ბალახს იღებენ ერთ ლიტრ წყალზე და ადუღებენ 5-7 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე. კანზე გამონაყრების, ეგზემის და სიყვითლის დროს დადებით შედეგს იძლევა მონახარში, რომლის შემადგენლობაში შედის: დედოფლისთითა, სამფერა ია და ორკბილა, თითოეული 10-10 გრ რაოდენობით 1 ლიტრ წყალზე, ერთი ლიტრი მონახარში ერთი დღე-ღამის დოზაა დასალევად. გარეგან სახმარად კარგ შედეგს იძლევა დედოფლისთითას სპირტიანი ნაყენი. საამისოდ ნედლი აყვავებული ბალახიდან გამოწურულ 250 გრ წვენს ასხამენ 90 გრადუსიან 250 გ სპირტს და 10 დღეს დადგამენ. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ დედოფლისთითა სუსტად მოქმედი საშუალებაა და მის სამკურნალო ეფექტზე ხალხში არსებული შთაბეჭდილებები რამდენადმე გადაჭარბებულია. |