[ბერძნ. diathesis იხ. დიათეზი, exsudativa მდედრ., ლათ. ზედსართ., exsudativus ექსუდაციური (ლათ. ზმნ. exsudo ვოფლიანდები)] - კონსტიტუციური ანომალია, საფუძვლად უდევს ორგანიზმის შეცვლილი რეაქციულობა ფიზიოლოგიური გამაღიზიანებლების ზემოქმედებასზე. ავადდებიან უმეტესად 2-3 წლამდე ბავშვები. ექსუდაციური დიათეზის განვითარებაში მემკვიდრეობით ფაქტორთან ერთად მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ბავშვის ორგანიზმის სენსიბილიზაციას, რაც ერთფეროვანი ხელოვნური კვების, გამღიზიანებელი საკვებით გადატვირთვის, ბაქტერიული, მედიკამენთური და სხვა სახის ალერგიის შედეგია. ექსუდაციური ანთებითი პროცესები ვითარდება უპირატესად კანსა და ლორწოვან გარსზე. დამახასიათებელია წარბებსა და თავის თმიან ნაწილში მონაცრისფერო ან მოყვითალო ფუფხის წარმოქმნა, ლოყების არეში კანის შეწითლება და აქერცვლა, კისრის, იღლიის, საზარდულის არეში დაოდვილობა, სხვადასხვაგვარი გამონაყარი მთელ ტანზე, ქავილი, იმუნიტეტის დაქვეითება და სხვა. |