lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
ეპილეფსია
ეპილეფსია ქრონიკული ფსიქონევროლოგიური დაავადებაა, რომელსაც მოულოდნელი და განმეორებადი გულყრებისადმი მიდრეკილება ახასიათებს. გულყრა სხვადასხვა ტიპისაა, მაგრამ ყოველი მათგანის საფუძველს წარმოადგენს თავის ტვინის ნერვული უჯრედების ანომალიური და მეტისმეტად მაღალი ელექტრული აქტივობა. ასეთ აქტივოებას მოსდევს განმუხტვა, რაც სამგვარად შეიძლება დასრულდეს: განმუხტვა შეწყდეს მისი აღმოცენების მომენტში; გავრცელდეს ტვინის მეზობელ უბნებში და დაბრკოლებასთან შეხვედრისთანავე შეწყდეს; გავრცელდეს მთელ ნერვულ სისტემაში და მხოლოდ შემდეგ შეწყდეს. პირველ ორ შემთხვევაში გულყრას პარციალურს უწოდებენ, უკანასკნელ შემთხვევაში კი - გენერალიზებულს. გენერალიზებული გულყრის დროს ცნობიერება ყოველთვის დარღვეულია, პარციალურის შემთხვევაში კი შესაძლოა შენარჩუნდეს. ეპილეფსიურ გულყრას იხსენიებენ აგრეთვე ტერმინებით "კრუნჩხვა", "შეტევა". ეპილეფსიით დაავადებულთა ჭეშმარიტი რაოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია, რადგან ბევრმა არც კი იცის, რომ დაავადებულია, ბევრიც ამ ფაქტს მალავს. უკანასკნელი კვლევის მონაცემებით, აშშ-ში ეპილეფსიით 4 მილიონზე მეტი ადამიანია ავად. გარდა ამისა, 1000-დან დაახლოებით 50 ბავშვს ერთხელ მაინც დამართნია გულყრა მაღალი სიცხის დროს. მაჩვენებელი, სავარაუდოდ, ასეთივეა სხვა ქვეყნებშიც, ვინაიდან დაავადება არ არის დამოკიდებული სქესზე, რასაზე, სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსსა და საცხოვრებელ ადგილზე.