ქრონიკული ერითრომიელოზი ძალიან იშვიათი დაავადებაა. იგი მიეკუთვნება მიელოპოეზის წინამორბედი უჯრედებისგან წარმოშობილი ლეიკემიების ჯგუფს და ძვლის ტვინში ერითროკარიოციტების სახით გვხვდება. ამ დროს, მწვავე ერითრომიელოზისგან განსხვავებით, სისხლსა და ძვლის ტვინში არ არის (ან თითქმის არ არის) ერითრობლასტები და მიელობლასტები. კლინიკურად დაავადება ვლინდება შეუპოვარი, პრაქტიკულად მკურნალობას დაუქვემდებარებელი მაკროციტული ანემიით და სისხლწარმომქმნელი წითელი შტოს ჰიპერპლაზიით (ორივე ცვლილება უეფექტო ერითროპოეზზე მიუთითებს), მაგრამ, მწვავე პროცესისგან განსხვავებით, ეს მდგომარეობა განპირობებულია არა ძვლის ტვინის შიდა ჰემოლიზით, არამედ სისხლწარმოქმნის წითელი შტოს სიმსივნით. ამასთანავე, ერითროკარიოციტების მორფოლოგია შესაძლოა ნორმალური იყოს, რაც სიმსივნური პროცესის დიაგნოსტირებას ართულებს. ასეთი სირთულეები ქრონიკული მიელოლეიკემიის მრავალი ფორმისთვის არის დამახასიათებელი. არ არის გამორიცხული ელენთის გადიდება. ელენთის უჯრედების პუნქციის შედეგად შესაძლოა აღმოჩენილ იქნეს მიელოიდური მეტაპლაზიები ერითროკარიოციტების დიდი რაოდენობით. ხშირად სწორედ ასეთი გამოკვლევა იძლევა დიაგნოზის დასმის საშუალებას, ვინაიდან ქრონიკული ერითრომიელოზის ციტომარკერი ჯერ-ჯერობით არ არის ნაპოვნი. ქრონიკული ერითრომიელოზი, მწვავისგან განსხვავებით, 3-5 წლის განმავლობაში და უფრო მეტხანს მიმდინარეობს. ტერმინალურ სტადიაში პროცესს თან ახლავს ბლასტური ზრდა ძვლის ტვინში, სარკომული ზრდა ლიმფურ კვანძებში, ღვიძლში, ელენთასა და სხვა ორგანოებში. ქრონიკული ერითრომიელოზის სპეციფიკური თერაპია ჯერჯერობით არ არის შემუშავებული. ელენთის ამოკვეთა და დასხივება შედეგს არ იძლევა. ყველაზე ხშირად მიმართავენ ერითროციტული მასის განმეორებით გადასხმებს და ერითროკარიოციტების ანტიშრატის შეყვანას. |