ვენების ვარიკოზული დაავადება ვენების პათოლოგიური გაგანიერებაა, რომლის დროსაც ვენის კედელი გადაგვარებულია. კერძოდ, შემაერთებელი ქსოვილი სუსტად არის გამოხატული, ვენის კედელი განიერდება, ეშვება და დისტროფიულ ცვლილებებს განიცდის. ზიანდება სარქვლოვანი სისტემაც, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს სისხლის ნაკადის უკუდინებისთვის. თუ უკუქცევა შეფერხებულია, სისხლი პერიფერიულ ვენურ სისტემაში გუბდება. კიდურებიდან გულისკენ სისხლის უკუდინებაში წვივის კუნთებიც მონაწილეობს. მათი შეკუმშვა-მოდუნება ვენებს სისხლის გულისკენ გადატუმბვაში ეხმარება. პერიფერიული ვენური სისტემიდან სისხლის უკუდინებაში გულიც მონაწილეობს - ის ხომ სისხლს არა მარტო გადაისვრის, არამედ უკანაც ქაჩავს. განსაზღვრულ როლს ასრულებს დიაფრაგმის მოძრაობა, მუცელშიგა წნევა, სისხლძარღვის შიდა ტონუსი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ვენის სარქვლებია, რომლებსაც ქოლგისებური ეფექტი აქვს - როცა სისხლი პერიფერიული ვენებიდან უკუმიედინება, სარქველი იხსნება და აკავებს მას, ქვემოთ ჩამოსვლის საშუალებას არ აძლევს. როცა ვენის კედელი გაგანიერებულია და სარქვლები დაზიანებულია, ხდება რეფლუქსი - სისხლი არა გულისკენ, არამედ უკან მიედინება. ვენების ვარიკოზული გაგანიერება შესაძლოა გენეტიკურად იყოს განპირობებული. ამ დროს ვენის კედელი პირველადად არის დაზიანებული. მართალია, ბავშვთა ასაკში ვენების დისპლაზია გამოხატული არ არის (ან ძალიან იშვიათია), მაგრამ დროთა განმავლობაში გენეტიკური ფაქტორი თავს იჩენს და კლინიკურად გამოვლინდება. შესაძლოა, ვენების ვარიკოზული გაგანიერება მეორეულად, რომელიმე დაავადებით იყოს გამოწვეული. მაგალითად, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთების ან სიმსივნის დროს შეიძლება მოხდეს ზეწოლა თეძოს ვენებზე, რაც პერიფერიულ ვენურ სისტემაში შეგუბებას განაპირობებს. ოპერაციის ან მშობიარობის დროს შესაძლებელია თეძოს ვენების თრომბოზის განვითარება, რომელიც, განსაკუთრებით - ღრმა ვენებში, შეგუბებით მოვლენებს განაპირობებს. ვენების ვარიკოზის რისკფაქტორს წარმოადგენს პროფესია, რომელიც დიდხანს დგომას მოითხოვს (ქირურგის, მასწავლებლის და სხვა). |