lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
თავშავა
თავშავა მრავალწლიანი სურნელოვანი ბალახოვანი მცენარეა მიწისქვეშა დატოტვილი ფესურით, რომელზეც ყოველწლიურად ვითარდება რამდენიმე ყლორტი დატოტვილი ცილინდრული ფორმის მოწითალო ღეროებით. ფოთლები მოპირისპირეა, ყუნწიანი, მოგრძო-კვერცხისებრი, მთლიანკიდიანი, მოყვითალო წერტილებით – ჯირკვლებით, რომლებიც მხოლოდ ლუპით შეიმჩნევა. ყვავილები მოწითალოა, ორტუჩიანი, ჯამიდან გადმოშვერილი გვირგვინით. ისინი სხედან ნახევარრგოლისებურად თანაყვავილედის უბეებში და ტოტის ბოლოში ქმნიან ფარისებრ საგველებს. ყვავილობს ივნის-აგვისტოში. თავშავას თავყვითელას, ლეილაღას, მარმიჭს და მარნიჭსაც ეძახიან. ზემო რაჭაში მას ჩაის პიტნის სახელწოდებით იცნობენ. თავშავა გავრცელებულია თითქმის ყველგან. ის იზრდება ველობებში, ტყის პირებში, მშრალ, ღია ადგილებში, ბორცვებზე, ბუჩქნარებს შორის. ფესვის გარდა ნედლეულად იყენებენ მთელ მცენარეს; ნედლეულს აგროვებენ ყვავილობის პერიოდში. ჭრიან დანით ან ნამგლით, აშრობენ შენობებში, რომლებიც კარგად ნიავდება და შემდეგ აცლიან ყვავილებსა და ფოთლებს უხეშ ღეროებს. თავშავას მიწისზედა ნაწილი შეიცავს 1,2%-მდე ეთერზეთს, 12,5%-მდე სეკვიტერპენებს, ასკორბინის მჟავას, სათრიმლავ ნივთიერებებს. თესლში ნაპოვნია 28%-მდე გამშრალი, ცხიმოვანი ზეთები. თავშავას ეთერზეთს სასიამოვნო სუნი აქვს და შეიცავს მცირე რაოდენობით ანტისეპტიკურ საშუალებას – თიმოლს. თავშავას გამოყენება დაუშვებელია ორსულობის პერიოდში. მისი ნაყენი გამოიყენება გაცივების, ბრონქიტის, ყივანახველის, ხუთვის, ფილტვის ტუბერკულოზის, გასტრიტების, ნაწლავების ატონიის, ქალური დაავადებების, მტკივნეული მენსტრუაციის, რაქიტის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და მაღალი სექსუალური აღგზების დროს. მას იყენებენ აგრეთვე ყელში გამოსავლებად და აბაზანების მისაღებად. თავშავას ზეთს ან სპირტიან ნაყენს იწვეთებენ კბილის ღრუში ტკივილის დროს. ნაღველმდენი გზებისა და ნაღვლის ბუშტის დაავადების დროს აიღეთ 1 ჩაის კოვზი თავშავა, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ადუღებული წყალი, გააჩერეთ 1 სთ, გაწურეთ. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 1 დღე-ღამისა. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 3-ჯერ. თავშავას ძირითადად იყენებენ სხვა მცენარეებთან ერთად, ნაკრებების სახით.