lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
თიაქარი
მუცლის თიაქარი მუცლის ფარის დეფექტია, რომლის გამოც მუცლის ღრუს ორგანოები პარიესულ პერიტონეუმთან ერთად გამოდიან კანქვეშ. თიაქარი თანდაყოლილიც შეიძლება იყოს და შეძენილიც. თანდაყოლილ დეფექტს მუცლის ფარის განუვითარებლობა იწვევს. შეძენილი თიაქრის განვითარებას ხელს უწყობს მემკვიდრეობითი განწყობა, ძლიერი ფიზიკური შრომა, ხშირი ყაბზობა და ყველა ის ფაქტორი, რომელიც კი მუცლის ღრუში წნევის მომატებას იწვევს. მდებარეობის კვალობაზე, განასხვავებენ საზარდულის,  ჭიპის,  თეთრი ხაზის და სხვა თიაქარს. თიაქარი მოიცავს კარს, პარკს და შიგთავსს. თიაქრის კარი კუნთოვან-ბოჭკოვან ელასტიკურ რგოლს წამოადგენს. თიაქრის პარკი მუცლის ღრუს შიგნითა გარსის გაგრძელებაა, თიაქრის შიგთავსი კი პარკში გამოსული მუცლის ღრუს რომელიმე ორგანოა. თიაქარი შეიძლება იყოს: 1) თავისუფალი ანუ ჩასწორებადი, როდესაც თიაქრის კარიდან თიაქრის პარკში გამოსული ორგანო თავისუფლად ბრუნდება მუცლის ღრუში; 2) ჩაუსწორებელი, როცა თიაქრის პარკის შიგთავსსა და პარკს შორის წარმოიქმნება ნაწიბუროვანი შეხორცებები, რასაც მოჰყვება შიგთავსის ნაწილობრივი ან მთლიანი შეუბრუნებლობა მუცლის ღრუში.