lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
კავკასიური პანტა
ვარდისებრთა ოჯახში შედის. საკმაოდ მაღალი, 20 მეტრამდე სიმაღლის ხეა ეკლიანი  ტოტებით. ყლორტების კანი მოყავისფროა, ტოტების ქერქი ნაცრისფერი და ღეროზე კი მუქი ნაცრისფერია. მომრგვალო ან კვერცხისებრი, საკმაოდ გრძელყუნწიანი, პრიალა, კიდემთლიანი ფოთლები დამოკლებულ ტოტებზე ჯგუფურად, დაგრძელებულ ტოტებზე კი მორიგეობითაა გაწყობილი. საშუალო ზომის (2,5-3,5 სმ დიამეტრში), ხასხასა თეთრი ფერის, ზოგჯერ ოდნავ მოვარდისფრო ყვავილები დამოკლებულ ტოტებზე ფარისებრ ყვავილედებშია შეკრებილი, მოუმწიფებელი ნაყოფი მწვანეა, მომწიფების წინ მოყვითალო-მწვანე, ხოლო მომწიფებული - მუქი ყავისფერი, ფორმით მსხლისებრი, მომრგვალო ან მობრტყო, გრძელყუწიანი ნაყოფს რბილობი მდიდარია გაქვავებული უჯრედებით. ყვავის ფოთლების გაშლასთან ერთად აპრილ-მაისში, ნაყოფი აგვისტო-სექტემბერში მწიფდება, ზოგან უფრო გვიან. უხვი ნაყოფის მსხმოიარობა ყოველი 1-2 წლის შემდეგ მეორდება. ნაყოფი 6-13 პროცენტ შაქარს (ძირითადად მონოსახარს), 0,12-0,19 პროცენტ შაქრის, ლიმონის და ასკორბინის მჟავას, 4 პროცენტამდე პექტინებსა და მთრიმლავ ნივთიერებებს, აგრეთვე მცირედ კაროტინს შეიცავს, იყენებენ კომპოტების და ესენციისათვის, რომლისგანაც ხილის გამაგრილებელ წყლებს ამზადებენ. შაქარშემცველობის გამო ნაყოფები ვარგისია ღვინის, ძმრის და არყის გამოსახდელად. მისგან ბურახსაც აკეთებენ. ხმელ პანტას ფქვავენ და პურის ფქვილში ურევენ, მისგან აკეთებენ ტკბილ კვერს, თათარას ჩურჩხელებისათვის და სხვ. პანტას ნაყოფი უძველესი დროიდანვე აღიარებულია კუჭშემკვრელ საშუალებად და ხალხი ფართოდაც იყენებს კუჭაშლილობის დროს. მოწითალო ფერის მერქანი უძვირფასესი მასალაა საავეჯო წარმოებისა და წვრილმანი სახარატო ნაკეთობებისათვის. ყოველივე ზემოაღწერილი ვრცელდება ბერყენას სხვადასხვა სახეობის ნაყოფებზეც. ბერყენას ნაყოფიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც კარგი ხილი და სამკურნალო საშუალება კუჭაშლილობის დროს.