lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
კავკასიური სურო
სუროსებრთა ოჯახის, მცოცავი (ლიანა), მარადმწვანე მცენარეა. ახალგაზრდა ტოტები შებუსვილია, ხანდაზმული კი შიშველი. საკმაოდ გრძელყუნწიანი ტყავისებრი ფოთლები ყლორტებზე მორიგეობითაა გაწყობილი, რომელნიც მიწაზე გართხმულ უნაყოფო და მცოცავ ყლორტებზე საერთო გარეგნული შეხედულებებებით სამკუთხა კვერცხისებრია, 3-5 (7) ნაკვთით, უფრო ხშირია სამნაკვთიანი ფოთლები. ფოთლის შუა ნაკვთი სხვებთან შედარებით ჩვეულებრივ უფრო დიდია. გენერაციული ტოტების დაუნაკვთავი ფოთლები კვერცხისებრი ან რომბულია. ფოთოლი ზემოდან მუქ-მწვანე, ქვემოდან კი უფრო მკრთალია. ფოთლების ყუნწები შებუსვილია. მომწვანო-მოყვითალო ყვავილები აღმამდგომი მტევნის ცალკეულ ტოტებზე ქოლგებადაა შეკრებილი. მთელი ყვავილედი თეთრი ვარსკვლავისებრი ბეწვითაა მოფენილი, ყვავის გვიან ზაფხულში (ხშირად სექტემბერში). მრგვალი 2-4 თესლიანი შავი ფერის კენკრა ნაყოფები შემოდგომით საკმაოდ გვიან მწიფდება. მრავლდება თესლითა და კალმებით, მიწაზე მხოხავი ყლორტები ცალკეულ კვანძებში ფესვებს ივითარებს. ხეებსა და სხვა საყრდენ საგნებზე მცენარე დამატებითი ფესვებით საიმედოდ ემაგრება. ჩრდილის დიდი ამტანია, ამიტომ კარგად იზრდება ტყეებში, როგორც საბურველქვეშ, მიწაზე გართხმული, ასევე ადვილად აღწევს ხეთა ვარჯებში. უპირატესად ტყის მცენარეა, მაგრამ ზოგან შიშველ კლდეებზედაცაა შეფენილი. ნორმალურად ტენით უზრუნველყოფილ მდიდარ ნიადაგებზე იზრდება ზღვის დონიდან 1200 მეტრამდე სიმაღლეზე. გვხვდება იმერეთში, რაჭა-ლუჩხუმში, აჭარაში, ქართლსა და თრიალეთზე. საქართველოში გარდა განხილულისა იზრდება კოლხური და პასტუხოვის სუროები, რომელთა ფოთლები დანაკვთული არაა. ფარმაკოქიმიურად უფრო კარგად შესწავლილია კავკასიური სურო, დანარჩენი ორი კი ძლიერ სუსტად ან სრულებითაც არაა გამოკვლეული. საერთოდ ცნობილია, რომ ქიმიური შემადგენლობით სუროების სხვადასხვა სახეობები ერთმანეთისაგან არსებითად არ განსხვავდება. ხალხიც სამკურნალოდ გამოყენებისას სახეობრივ ნაირგვარობას ყურადღებას არ აქცევს. იყენებს იმ სახეობას, რომელიც მისთვის ტერიტორიულად უფრო მისაწვდომია. სამკურნალოდ ფოთლები გამოიყენება, მაგრამ გლიკოზიდ ჰედერნინის და საპონინების შემცველობის გამო მომწამვლელ გავლენას ახდენს, რაც მათ სამკურნალოდ გამოყენებისადმი ფრთხილად მიდგომის აუცილებლობაზე მიგვანიშნებს. ჰედერინს გამხსნელი და პირსასაქმებელი თვისება გააჩნია. დანით დასერვის შემთხვევაში ღეროდან ფისოვან-გუმფისოვანი წვენი გამოდის, რომელიც ჰაერზე გამჭვირვალე მუქყავისფერ მყარ ნაწილებად მკვრივდება. იგი წვის დროს საკმევლის სურნელისებრ არომატს აფრქვევს. მისგან ღვინის სპირტში გახსნით ამზადებენ ლაქს, რომელიც ფერწერაში გამოიყენება. მიუხედავად არასასიამოვნო გემოსი, ნაყოფებს ორნიტოფაუნის ბევრი წარმომადგენლი ჭამს. სუროს პრეპარატები მცირე დოზით სეკრეტორიტულ გავლენას ახდენს ქრონიკული ბრონქიალური კატარის დროს, ანთების საწინააღმდეგოდ მოქმედებს გარეგანი ხმარებისას ქალებში თეთრად შლისას. მასვე იყენებენ ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, ნიკრისის ქარისა და რევმატიზმის სამკურნალოდ. გარეგან სახმარად გამოიყენება კოჟრების, მეჭეჭების, პოლიპების, დამწვრობით გამოწვეული ჩირქოვანი მუწუკების სამკურნალოდ. დასალევად იყენებენ ცივი წყლით გამონაწვლილს: 1/2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს ერთ ჭიქა წყალს ასხამენ და 8 საათს დგამენ. ესაა დღე-ღამის დოზა.