თუთუბოსებრთა ოჯახში შედის. კევის ხე, ქართლ-კახეთში საკმლის ხე, მარიამსაკმელა, ფოთოლმცვენი, დაბალტანოვანი, 10-15 მ სიმაღლის, ხშირტოტებიანი გადაშლილვარჯიანი ხეა, რომლის ღეროს სიმსხოც 40-70 სმ აღწევს. კენტფრთართული ფოთოლი 3-9 ფოთოლაკისაგან შედგება. თითოეული ფოთოლაკი მოგრძო ან კვერცხისებრია, ზედა მხრიდან პრიალა. კევის ხე ორსახლიანი მცენარეა სქესგაყოფილი ყვავილებით. ყვავილები ფოთლების იღლიებში თავჩაქინდრულ საგველა ყვავილედებადაა შეკრებილი. მდედრობითი ყვავილების საგველა ნაყოფების მომწიფების პერიოდისათვის სწორდება და ჰორიზონტალურ ზოგჯერ აღმამდგომ მდგომარეობას იკავებს. მამრობითი ყვავილების საგველა თანაყვავილედები დაყვავილების შემდეგ სცვივა. კევის ხის გავრცელებას დიდად უშლის ხელს მისი ორსახლიანობა. თუ მამრობითი და მდედრობითი ეგზემპლარი ერთმანეთისგან ძალიან შორს დგას, მდედრობითი ყვავილების განაყოფიერება თითქმის არ ხდება და აღმოცენების უუნარო თესლი მიიღება. სათესლე მეურნეობის შესაქმნელად აუცილებელია მდედრობითი და მამრობითი ინდივიდების ერთიმეორესთან ახლო (არა უმეტეს 10 მეტრისა) დარგვა. დაყვავილების შემდეგ ვითარდება მშრალი ერთკურკიანი ნაყოფი, რომელიც ჯერ მწვანეა, მომწიფების წინ წითლდება, ხოლო სრული სიმწიფისას კი ცისფერ-ლურჯი ხდება. ამ თავისებურებათა გამო საკმლის ხე შემოდგომობით მეტად მომხიბვლელი ხდება. მწვანე ხასხასა ფოთლების ფონზე მომწიფადი წითელი და მწიფე ცისფერ-ლურჯი ნაყოფების განლაგება ფრიად ბუნებრივად შეხამებულ გამას ჰქმნის და ადამიანს წარუშლელ ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებს. კევის ხე ედაფურ (ნიადაგობრივ) პირობებისადმი დიდად მომთხოვნი არაა. გვხვდება მშრალ ხირხატსა და თიხნარ, კირით მდიდარ ნიადაგებზე, ეგუება ნიადაგში სულფატური და ქლორიდული მარილების არსებობას. გვალვა და ყინვაგამძლეა, მოკლე ხნის განმავლობაში - 30 გრადუს ტემპერატურას უძლებს. კევის ხე შეზღუდული არეალის მცენარეა, ჩვენში იგი უმთავრესად ნათელი ტყეების ზონაში გვხვდება (ვაშლოვანის ნაკრძალი, სიღნაღის რაიონი, გარეკახეთი, მცხეთის რაიონში შიო მღვიმის მონასტრის მახლობლად, ქვემო ქართლში და სხვ.) მთაში ზღვის დონიდან 700 მეტრამდე სიმაღლეზე იზრდება. უაღრესად სინათლის მომთხოვნია. მერქანი მკვრივი და მძიმეა, საუცხოოა ავეჯის წარმოებისათვის. მისი ფისი 25 პროცენტამდე ეთერზეთებს შეიცავს, რომელსაც ლაქ-საღებავების და ქიმიკო-ფარმაცევტიულ წარმებაში იყენებენ. ნაყოფები მაღალი კვებითი თვისებებით გამოირჩევა. შეიცავს 60 პროცენტამდე ცხიმსა და 25 პროცენტზე მეტ ცილოვან ნივთიერებებს, მას განსაკუთრებით ეტანებიან როგორც შინაური, ასევე გარეული ღორები. ფოთლებში 8-15 პროცენტამდე ტანინებია, რომლისგან შესაძლოა როგორც ტექნიკური, ასევე სამედიცინო ტანინის მიღება. თითოეული ხის გამოფისვით 50-100 გ ფისის მიღება შეიძლება, რომლის შემადგენლობაშიც 75 პროცენტი ფისია, ხოლო 25 პროცენტი - ზეთი. ფისი კარგ ნედლეულს წარმოადგენს ლაქის საწარმოებლად, რომელიც ფერწერაში გამოიყენება. გამხმარ ფისს მოსახლეობა კევად ღეჭავს. ეტყობა მისი სახელი "კევის ხე" აქედან უნდა იყოს წარმომდგარი. წვის დროს ფისი მეტად სასიამოვნო სურნელებას აფრქვევს. მას შენობებში იყენებენ ჰაერის არომატიზირებისთვის, აგრეთვე რელიგიური წესჩვეულებების შესრულებისას "საკმევლის" სახელწოდებით, მისი სახელწოდებაც საკმევლის ხე, სწორედ აქედან წარმოდგება. კევის ხე საუკეთესოა ეროზირებული, გახრიოკებული ადგილების გასატყევებლად და ეროზიის საწინააღმდეგო ნარგაობის გასაშენებლად. მიუხედავად ესოდენ მრავალი ღირსებისა, კევის ხეს ჩვენში ფაქტიურად არ აშენებენ. ან თუ აშენებენ, ისე მცირე რაოდენობით, რომ მას არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს. ამ მდგომარეობას ხელს უწყობს ის ფაქტი, რომ ლიტერატურაში გავრცელებულია აზრი საკმლის ხის თესლის მეტად დაბალი აღმოცენების უნარის შესახებ. არაერთგზის განმეორებულმა ცდებმა გამოავლინა, რომ შეგროვებისას თესლების თითქმის ყველა პარტიაში 60 პროცენტამდე აღმოცენების უუნარო თესლი ჰყვება, ზოგჯერ კი 70 პროცენტამდეც კი. რაც შეეხება უკვე გამორჩეული საღი თესლის თესვის ვადებს, ცდებით დადასტურდა, რომ საუკეთესო შედეგები მიიღება თესლის ოქტომბრის თვეში დათესვით. აღმონაცენს ვიღებთ აპრილ-მაისში არა ნაკლებ 65-70 პროცენტისა. აღმოცენების ასეთი მაჩვენებელი ტყის მეურნეობის თვალსაზრისით სავსებით დამაკმაყოფილებელია. გადასარგავ ზომას კევის ხის აღმონაცენი 2-3 წელიწადში აღწევს. უკეთესი მოვლისა და სასუქების გამოყენების პირობებში ამ დროის მნიშვნელოვნად შემცირება შეიძლება. |