lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
კუნელი
კუნელის მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ და წითელ კუნელს. კუნელი განეკუთვნება ვარდისებრთა ოჯახს. იგი მაღალი ბუჩქია, იშვიათად ბუჩქნარი, უბეში მოთავსებული ეკლებით. ფოთლები მორიგეობითია, მოკლეყუნწიანი, ფოთოლაკებით, უკუკვერცხისებრი, სოლისებრი ფუძით, ძლიერ დაკბილული კიდით. ყვავილები ქმნიან ფარს. ყვავილის ფურცლები თეთრია, წითელი მტვრიანათი. ნაყოფი – ცრუ, ვაშლის მსგავსი. პატარა, წითელი. ყვავილობს მაის-ივლისში, ნაყოფს იძლევა აგვისტოში. კუნელს ქართლში – სკუნელს, იმერეთსა და რაჭაში – კუნელას, გურიაში – კურკანტელას უწოდებენ. ძირითადი განსხვავება ორი სახეობის კუნელს შორის ის არის, რომ ჩვეულებრივი კუნელის ტოტები ნაცრისფერია, ფოთლები შიშველი, ნაყოფს აქვს 2-3 კურკა, ხოლო წითელი კუნელის ახალგაზრდა ტოტები მოწითალო-ყავისფერია, მბზინავი, ფოთლები შებუსული, ნაყოფს აქვს 3-4 კურკა. სამკურნალო მიზნით ამზადებენ კუნელის ყვავილსა და ნაყოფს. კუნელის ნაყოფს ამზადებენ მისი სრული მომწიფების დროს, ხშირად სექტემბერ-ოქტომბერში. კრეფენ მთელ ფარს, შემედგ აცილებენ როგორც ნაყოფის ყუნწს, ასევე დაუმწიფებელ და გაფუჭებულ ნაყოფს. აშრობენ მზეზე, თბილ შენობებში, ღუმელებში ან საშრობებში თხელ ფენად. ყვავილს აგროვებენ ყვავილობის დაწყების დროს, როდესაც ყვავილების ნაწილი ჯერ კიდევ არ არის გაშლილი. ყვავილს მოკლე ყუნწთან ერთად (დაახლ. 1 სმ) გასაშრობად აწყობენ თხელ ფენად. დაკრეფიდან არაუგვიანეს 1-2 სთ-ისა ისეთ ნაგებობებში, რომლებიც კარგად ნიავდება. ნედლეულის შენახვის ვადა 2 წელია. კუნელის ნაყოფში არის შაქარი, ორგანული მჟავები, ფლავონოიდები, ვიტამინი C, კაროტინი, სათრიმლავი ნივთიერებები, ცხიმოვანი ზეთი. ყვავილი შეიცავს ორგანულ მჟვავებს, ეთერზეთს, ფოთლები - 230 მგ-მდე ასკორბინის მჟავას, კაროტინს, ღვინის ქვისა და ლიმონმჟავებს, თესლი შეიცავს ამიგდალინს. კუნელის პრეპარატებს იყენებნ გულის კუნთის ფუნქციონალური მოშლილობის დროს, ჰიპერტონიული დაავადების, პაროქსიზმული ტაქიკარდიის, საერთო ათეროსკლეროზისა და კლიმაქტერული ნევროზის დროს. კუნელის ნაყენი შედის პრეპარატ კარდიოვალენში. კუნელის პრეპარატები ნაკლებად ტოქსიკურია და უკუჩვენებები არ შეიმჩნევა. გულის დაავადების შემთხვევაში, აგრეთვე გულით გამოწვეული თავბრუსხვევისა და ხუთვის დროს, ნევროზისა და კლიმაქსის დაწყების წინ სასარგებლოა შემდეგი ნაყენის მიღება: აიღეთ 3 სუფრის კოვზი კუნელის ყვავილი, დაასხით 600 მლ (3 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, გააცივეთ და გაწურეთ. მიიღეთ თითო ჭიქა დღეში 3-ჯერ. ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს სპირტის ნაყენი. კუნელის ახალი ყვავილის წვენს დაუმატეთ 2 წილი სპირტი (90 გრადუსი) და გააჩერეთ 15 დღე, მიიღეთ დღეში 3-ჯერ 40 წვეთი. აიღეთ 0,5 კგ მწიფე ნაყოფი, გარეცხეთ და დაჩეჩქვეთ ხის ჩაქუჩით, დაასხით 100 მლ (1/2 ჩაის ჭიქა) წყალი, გააცხელეთ 40 გრადუსამდე და დაწნეხეთ წვენის გამოსაწურში. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამის წინ. ეს ნაყენი კეთილმყოფელ გავლენას ახდენს ასაკოვანი ხალხის გულის კუნთის მუშაობაზე, იცავს გულს გადაღლილობისაგან. ჰიპერტონული დაავადების, ვეგეტონევროზების, თავბრუსხვევის, ხუთვისა და კლიმაქსის დროს აიღეთ 1 სუფრის კოვზი კუნელის მშრალი ნაყოფი, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 სთ-ის განმავლობაში თბილ ადგილას (ჰაერღუმელში, ქურაზე). გაწურეთ. ნაყენი შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ 1-2 სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ. ამავე დაავადებების სამკურნალოდ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი სახის ნაყენი. 10 გ კუნელის მშრალ ნაყოფს დაასხით 100 გ არაყი ან 40%-იანი სპირტი და გააჩერეთ 10 დღე, გაფილტრეთ. მიიღეთ ნაყენის 30 წვეთი წყალთან ერთად 3-ჯერ დღეში ჭამის წინ. კუნელის წვენის მისაღებად აიღეთ 1 კგ ნაყოფი, 500 გ შაქრის ფხვნილი, 1 ლ წყალი. გარეცხილ ნაყოფს დაასხით ცოტა წყალი და ხარშეთ 1-2 სთ-ის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე, გახეხეთ საცერში, მიღებულ პიურეს დაუმატეთ შაქარი, წყალი, დადგით ისევ დაბალ ცეცხლზე, მიიყვანეთ დუღილამდე, გააცივეთ.