lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
ლეიკემია
ტერმინი ლეიკემია (ლეიკოზი, ლეუცოსის) აერთიანებს სისხლმბადი სისტემის ავთვისებიანი დაავადებების ჯგუფს. ზოგჯერ ლეიკემიას სისხლის კიბოსაც უწოდებენ, მაგრამ ეს არცთუ მართებული ტერმინია - კიბო ეწოდება მხოლოდ ეპითელიუმისგან წარმოშობილ ახალწარმონაქმნებს, მაგრამ ვინაიდან კიბოსმაგვარი ბუნების ახალწარმონაქმნები სიმსივნეების უმრავლესობას შეადგენს, ამიტომ საერთაშორისო პრაქტიკაში ყოველგვარ ავთვისებიან სიმსივნეს კიბოდ იხსენიებენ ხოლმე. ამრიგად, ლეიკემია ძვლის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნეა. სისხლის ეს დაავადება აღმოცენდება სისხლის უჯრედების წარმოქმნაზე პასუხისმგებელი ძვლის ტვინის უჯრედების მუტაციისა და ტრანსფორმაციის შედეგად. პირველი ავთვისებიანი კლონი ძვლის ტვინისავე უმწიფარი ჰემოპოეზური (სისხლმბადი) უჯრედებისგან წარმოიშობა, ხდება სიმსივნური ქსოვილის ჩაზრდა ძვლის ტვინში და სისხლმბადი უჯრედების თანდათანობითი ჩანაცვლება. ამ პროცესის შედეგად ვითარდება ციტოპენიის (ორგანიზმში სისხლის რომელიმე უჯრედის უკმარისობა) სხვადასხვა ვარიანტი: ანემია (ჰემოგლობინის ნაკლებობა), თრომბოციტოპენია, ლიმფოციტოპენია, რაც ქმნის სისხლდენის, სისხლჩაქცევების საფრთხეს, საერთო სისუსტეს, იმუნიტეტის დაქვეითებას და სხვადასხვა ინფექციურ გართულებას.