ნორმალური გული არის ძლიერი, დაუღალავად მომუშავე კუნთოვანი ტუმბო, ზომით დაახლოებით ადამიანის მუშტისოდენა. მას აქვს ოთხი საკანი: ორი ზედა, წინაგულები, და ორი ქვედა, პარკუჭები. სისხლი წინაგულებიდან პარკუჭებში ხვდება, საიდანაც მაგისტრალურ სისხლძარღვებში გადადის. სისხლის განსაზღვრული მიმართულებით დენას გულის სარქვლები უზრუნველყოფს. ისინი იღება და იხურება და სისხლს მხოლოდ ერთი მიმართულებით ატარებს. გულის მანკი გულის სტრუქტურის ცვლილებაა. ის შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი. ეს ცვლილება იწვევს სისხლის მოძრაობის დარღვევას გულის შიგნით ან სისხლის მიმოქცევის დიდ და მცირე წრეში. თანდაყოლილი მანკებიდან ცნობილია: წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტი, პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი, ფალოს ტეტრადა, ბიკუსპიდალური სარქველი, პულმონული სტენოზი, მსხვილი არტერიების ტრანსპოზიცია, დექსტროკარდია, იზოლირებული ლევოკარდია. შეძენილი მანკებიდან ცნობილია: ორკარიანი და სამკარიანი ხვრელისა და სარქვლის დაზიანება, ხვრელის სტენოზი და სარქვლის ნაკლოვანება, აორტის ხვრელისა და სარქვლის დაზიანება. გულის მანკის დროს ავადმყოფი უჩივის ადვილად დაღლას, ჰაერის უკმარისობას, გულის რიტმის დარღვევას, შორს წასულ შემთხვევებში აღინიშნება შეგუბებითი მოვლენები მცირე წრეში, ხველა, ქვედა კიდურების შეშუპება და მუცლის ღრუში თავისუფალი სითხის დაგროვება. იხ. გულის თანდაყოლილი მანკები |