გულის შეძენილი მანკები ვითარდება სარქვლების, ქორდების ან პაპილარული კუნთების მექანიკური, ანთებითი ან დესტრუქციული დაზიანების შედეგად. პათოლოგიური პროცესი იწვევს სარქვლის კარედების დეფორმაციას, რიგიდულობას, კალციფიკაციასა და შეხორცებების გაჩენას ან ქორდების შემოკლებას და ფუნქციის მოშლას. საბოლოოდ ვითარდება სარქვლის ნაკლოვანება - სარქველი ჰერმეტულად ვეღარ ხურავს შესაბამის ხვრელს - ან ხვრელის სტენოზი. ხშირად სტენოზი და სარქვლის ნაკლოვანება თანაარსებობს, თუმცა ერთ-ერთი კომპონენტი ჭარბობს. სარქვლის დეფორმაცია იწვევს გულის შესაბამისი ღრუების მოცულობით ან წნევისმიერ გადატვირთვას, მათი კედლების ჰიპერტროფიას და საკნების დილატაციას. ძალიან ხშირად ამ ცვლილებებს განიცდის მარცხენა პარკუჭი. გულის მანკის შორს წასულ სტადიაზე ვითარდება გულის კუნთის დეკომპენსაცია, რომელიც გამოიხატება სხვადასხვა სიმძიმით მიმდინარე გულის უკმარისობის კლინიკური სურათით. გულის შეძენილი მანკების მიზეზი ყველაზე ხშირად რევმატიზმია, იშვიათად - გახანგრძლივებული სეფსისური ენდოკარდიტი, ათეროსკლეროზი, სიფილისი. მანკი შესაძლოა გამოწვეული იყოს საკნებს შორის ხვრელის შევიწროებით ან სარქვლების ნაკლოვანებით. განასხვავებენ რთულ და კომბინირებულ შეძენილ მანკებს. მანკი რთულია, როდესაც სტენოზი და სარქვლის ნაკლოვანება ერთი და იმავე სარქვლის აპარატში ვითარდება (მაგალითად, მიტრალური ხვრელის სტენოზი და მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება). მანკი კომბინირებულად ითვლება, როდესაც ერთდროულად არსებობს სარქვლოვანი აპარატის ორი ან მეტი დეფექტი (ასეთია, მაგალითად, მიტრალურ-აორტული მანკი). ჰემოდინამიკური მდგომარეობის მიხედვით გულის მანკის მიმდინარეობაში გამოყოფენ კომპენსაციისა და დეკომპენსაციის პერიოდებს. მანკი კომპენსირებულია, თუ გამოხატულია მისი აუსკულტაციური ან სხვა ნიშნები ჰემოდინამიკის მოშლის გამოკლებით. დეკომპენსაციის სტადიაზე ვითარდება გულის უკმარისობა. მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება არის მანკი, რომლის დროსაც მარცხენა პარკუჭის შეკუმშვისას მიტრალური ხვრელის არასრული დახურვის გამო სისხლის ნაწილი უკან, მარცხენა წინაგულში ბრუნდება. მისი მიზეზი ათიდან სამ შემთხვევაში რევმატიზმია. უმეტესად ავადდებიან მამაკაცები. მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება შესაძლოა შეფარდებითი იყოს: ამ დროს სარქვლები შეცვლილი არ არის, მაგრამ მარცხენა პარკუჭისა და წინაგულოვან-პარკუჭოვანი ხვრელის გაფართოების გამო მიტრალური სარქვლის აფრები ბოლომდე ვერ ხურავენ ხვრელს. მიტრალური სარქვლის ორგანული ნაკლოვანება, ჩვეულებრივ, მიტრალური ხვრელის შევიწროებასთან ერთად ვლინდება და ხშირად რევმატული ენდოკარდიტით არის გამოწვეული. |