ჩვეულებრივი მატიტელა განეკუთვნება მატიტელასებრთა ოჯახს. იგი ერთწლიანი პატარა მცენარეა წვრილი ფესვებით და დატოტვილი, მიწაზე გართხმული ღეროთი. სხვა მცენარეებს შორის ზრდის დროს მისი ღერო შესაძლებელია იყოს სწორმდგომი, 30-35 სმ სიმაღლის. ღერო მრავალმუხლიანია, როგორც ამ გვარის სხვა წარმომადგენლებისა, მაგრამ ბოსტნის წალიკასაგან განსხვავებით მოთეთროა, სიფრიფანა, განკვეთილი ფოთლები მორიგეობითია, პატარა, მთლიანკიდიანი, ოვალური ბლაგვი წვერით. ყვავილები წვრილია, შეუმჩნეველი, სხედან 1-5 ცალი ფოთლების უბეებში და არ ქმნიან ყვავილედებს. ნაყოფი – მუქი ნაცრისფერი კაკლურაა და მოთავსებულია ყვავილსაფარში. ყვავის მთელი ზაფხულის განმავლობაში. ქართლში მას მამალ მატიტელას ეძახიან, ბორჯომის რაიონში – ჩიტიპურას, თუშეთში – ჭიმჭიკს, რაჭა-ლეჩხუმში – თიათეთრას. |