lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
მაყვალი
მაყვალი ბუჩქოვანი (ან ნახევარბუჩქოვანი) მცენარეა ვარდისებრთა ოჯახიდან, რკალისებურად მოხრილი ეკლიანი ყლორტებით, რომელთა სიგრძე 1,5 მ-მდეა. ყლორტები ორი სახისაა – ერთწლიანი – ვეგეტატიური და ორწლიანი–გახევებული, რომლებსაც ფოთლების გარდა აქვს ყვავილები და ნაყოფსაც იძლევა, ფოთლები მორიგეობითია, სამჯერადნაკვთული თანაფოთლებით. ყვავილები დიდი აქვს, დაახლოებით 3 სმ-მდე დიამეტრით, ფარისებურად შეკრებილი ყვავილედი, ორწლიანი ტოტების ფოთლის უბეებშია მოთავსებული. ყვავილებს ჯამის 5 მწვანე ფოთოლი, გვირგვინის 5 თეთრი ფურცელი, მრავალრიცხოვანი მტვრიანა და ზედანასკვიანი ბუტკოები აქვს. ნაყოფი შედგენილია მრავალკურკიანი ცალკეული მარცვლებისაგან, რომლებიც ერთმანეთთან და ყვავილსაჯდომზე ძირებითაა მიხორცებული, შავი ფერისაა, ნაცარა ნაფიფქით. მაყვალი ყვავილობს მაისიდან აგვისტომდე, ნაყოფი მწიფდება ივლის-ოქტომბერში. საქართველოში გავრცელებულია ტყის პირებზე, მდელოებზე, ბუჩქნარებში, გზის, მდინარეებისა და ნაკადულების ნაპირებზე. არსებობს მაყვლის მრავალი სახეობა. ყოველი მათგანი საკვებად ვარგისია. ყირიმში საბოსტნე ნაკვეთებში ამრავლებენ კულტურული მაყვლის ჩრდილოამერიკული სახეობის ჰიბრიდს. სამკურნალოდ გამოიყენება მაყვლის ნაყოფი, ფოთლები და ფესვები. მაყვლის ნაყოფი შეიცავს 3-5% შაქარს (გლუკოზას და ფრუქტოზას), 1,5%-მდე ორგანულ მჟავებს (ვაშლის, ლიმონის), სათრიმლავ ნივთიერებებს, პექტინს, უჯრედისს, B ჯგუფის ვიტამინებს, კაროტინს, ასკორბინის მჟავას, ასევე ბევრია მასში კალიუმის მარილები, სპილენძი, მანგანუმი. ფოთლები შეიცავს სათრიმლავ ნივთიერებებს, ფლავონოიდებს, ვიტამინ C-ს, ორგანულ მჟავებს, უმნიშვნელო რაოდენობით ეთერზეთს; ფესვების შემადგენლობა საკმარისად არაა შესწავლილი. ნაყოფს აგროვებენ მისი სიმწიფის პერიოდში, მშრალ ამინდში, შემდეგ აშრობენ 30-40 გრადუს ტემპერატურაზე. შრობის ბოლო ტემპერატურა 60 გრადუსია. მაყვალს იყენებენ როგორც სადესერტო, დიეტურ საკვებს. მისგან ამზადებენ წვენებს, ვაჟინს, მურაბას, კომპოტს, ჯემს, მარმელადს და სხვა საკონდიტრო ნაწარმს. მაყვლის ფოთლებს აგროვებენ ზაფხულობით მათი სრული განვითარების პერიოდში. აშრობენ ჩვეულებრივ ტემპერატურაზე ჩრდილში, სხვენზე ან ფარდულში, კარგი ვენტილაციის პირობებში. ფესვებს თხრიან გვიან შემოდგომით, ასუფთავებენ, ჭრიან და კარგად აშრობენ. მაყვლის ფოთლებისაგან მზადდება ძალზე სასარგებლო და სასიამოვნო ჩაი. იმისათვის რომ მიიღოთ ჩაის სუროგატი, ახალი ფოთლები მოათავსეთ დახურულ ჭურჭელში და მოახდინეთ მისი ფერმენტაცია. ფოთლები დაჭკნება და გაშავდება, რის შემდეგ გააშრეთ ჰაერზე, თხელ ფენად გაშლილი.