lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
ღოლო ჩვეულებრივი
ჩვეულებრივი ღოლო მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მატიტელასებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 1,5 მ-მდე, სქელი, მძლავრი ფესურითა და ხორციანი დამატებითი ფესვებით. ღოლოს ლათინური სახელწოდება Rumex–("შუბი") ფოთლების ფორმის გამო მიიღო, მისი ფოთლები მსხვილია, წაგრძელებული – სამკუთხა ფორმის, კიდეები დატალღული, სიგრძით 30 სმ, სიგანით 12 სმ, გრძელყუნწიანი. ყვავილები – წვრილია, შეუმჩნეველი, მომწვანო, მოყვითალო ფერის მარტივი, ექვსფოთოლაკიანი ყვავილსაფარით, ექვსი მტვრიანითა და ერთი ზედანასკვიანი ბუტკოთი, შეკრებილია საფრქვეველად, რომლებიც ქმნიან ხშირ, ცილინდრულ, თითქმის უფოთლო ყვავილედს. ნაყოფი - სამწახნაგა კაკლებია, რომლებიც ყვავილედის ფოთლებშია მოქცეული. ყვავილობს მაის-ივნისში, ნაყოფი მწიფდება ივნის-ივლისში, მაგრამ ზამთრამდე არ ჩამოცვივდება. ღოლო ჩვეულებრივ კარგად ხარობს მინდვრებში, მდელოებზე, წყალსაცავის ნაპირებზე, საზოგადოდ ზომიერად ნესტიან და ნესტიან ნიადაგებში. სამკურნალოდ აგროვებენ ძირითადად ფესვებსა და ფესურას აგვისტო-სექტემბერში, იშვიათად ნაყოფსა და ყვავილებს. ფესვებს თხრიან ნიჩბით, ჩამობერტყავენ მიწას, მოაჭრიან ღეროებს, ფოთლებს, კარგად გარეცხავენ გამდინარე წყლით. სქელ ფესვებს ჭრიან სიგრძეზე, გრძელებს განივად, შემდეგ აჭკნობენ და აშრობენ ნებისმიერი მეთოდით: ჩრდილში, მზეზე, გაშლილს თხელ ფენად. უამინდობის შემთხვევაში იყენებენ სპეციალურ საშრობებს (50-60 გრადუს ტემპერატურამდე). მშრალად ითვლება ნედლეული, თუ კი გადაღუნვისას გატყდება. მშრალი ნედლეულის შენახვის ვადა სამი წელია, ინახავენ მშრალ კარგად განიავებად სტელაჟებზე. ჩვეულებრივი ღოლოს ფესვები შეიცავენ 4%-მდე ანტრაქინონებს, რომლის შემადგენლობაში შედის ქრიზოფანის მჟავა და ქრიზოფანოლი; სათრიმლავ ნივთიერებებს პიროკატექინის ჯგუფიდან, ფლავონოიდებს, კოფეინის მჟავას, ეთერზეთს, ფისებს, რკინას ორგანული შენაერთის სახით. ფოთლები შეიცავენ ფლავონოიდებს. ასკორბინის მჟავას და კაროტინს. მცენარის ყველა ნაწილი შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმის ოქსალატს. გამშრალი ნედლეული შეიძლება შევინახოთ 3 წლის განმავლობაში. ჩვეულებრივი ღოლოსაგან დამზადებული ნაყენები, ნახარშები, ფხვნილები და ექსტრაქტები გამოიყენება კოლიტების, ენტეროკოლიტების, ბუასილის, სწორ ნაწლავზე ნახეთქების, ჭიების საწინააღმდეგოდ და აგრეთვე პირის ღრუს ანთებითი პროცესების (სტომატიტი, გინგივიტი, ანგინა და სხვა) სამკურნალოდ. მცენარის ფესვებში არსებული სათრიმლავი ნივთიერებების გამო მისგან დამზადებული ფხვნილი ან ნახარში მცირე დოზებით გამოიყენება როგორც შემკვრელი საშუალება კუჭის აშლილობის დროს, ხოლო დიდი დოზებით – როგორც საფაღარათო საშუალება. ექსპერიმენტებით დადგენილია მისი სისხლისაღმდგენი მოქმედება. არსებობს კლინიკური გამოცდები სურავანდის სამკურნალოდ. ნაღვლის წარმოქმნისა და მისი გამოდევნის ფუნქციის გასაუმჯობესებლად. მიმდინარეობს ცდები ფსორიაზის სამკურნალოდ ღოლოს გამოყენების ეფექტურობის შესასწავლად. ჩვეულებრივი ღოლო ხშირად გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში სხვა სამკურნალო მცენარეებთან ერთად ან სამკურნალო ჩაის სახით. კუჭში გასახსნელად იყენებენ წმინდად დაფქვილი ფესვებისაგან მიღებულ ფხვნილს (0,5-1 გრ ერთ მიღებაზე), სპასტიკური კოლიტების, ატონიური შეკრულობის, ბუასილის დროს. მისი მოქმედება ვლინდება 8-10 სთ-ის შემდეგ. ამიტომ უმჯობესია ფხვნილის მიღება საღამოს, ძილის წინ. საერთოდ, ქრონიკული შეკრულობის დროს, სასურველია ჩვეულებრივი ღოლოს მიღება შეიცვალოს სხვა საღაფარათო საშუალებებით. კუჭის აშლილობის დროს მიიღება ფხვნილი 0,2-0,3 გრ 3-ჯერ დღეში 20-30 წუთით ადრე ჭამის წინ. ჩვეულებრივი ღოლოს ფესვების ნახარშის მოსამზადებლად 5 გრ (2 სუფრის კოვზი), ნედლეული მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი ანადუღარი წყალი, დაახურეთ თავზე და გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 30 წუთის განმავლობაში. გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 10 წუთი, გადაწურეთ. დარჩენილი მასა გამოწურეთ, შეავსეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის მიღებამდე (200 მლ). შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 2-3 დღე-ღამისა. მიიღეთ როგორც შემკვრელი, გამამაგრებელი საშუალება, კოლიტების, ენტეროკოლიტების, ბუასილის დროს 1/3 ჭიქა 2-3-ჯერ დღეში 30 წუთით ადრე ჭამის წინ, ხოლო 1/2 ჭიქა ძილის წინ როგორც საფაღარათო საშუალება. ხალხურ მედიცინაში ჩვეულებრივი ღოლოს ფესვების ნახარშს იყენებენ აგრეთვე გარეგანად საფენების სახით, მოსაბანად, აბაზანებისთვის კანის იმ დაავადებებისათვის, რომლებსაც თან ახლავს ქავილი; დაქუცმაცებულ ახალ ფოთლებს იფენენ ჩირქოვან მუწუკებზე, ძირმაგარებზე მათი მომწიფების დასაჩქარებლად და წყლულებზე და ჭრილობებზე სწრაფად შესახორცებლად. ჩვეულებრივი ღოლოს პრეპარატების გამოყენება დაუშვებელია თირკმლების დაავადების დროს.