lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
შალამანდილი
ტუჩოსანთა ოჯახში შედის. შალამანდილი 50-150 სმ სიმაღლის ოთხწახნაგოვან-ღეროიანი მრავაწლიანი მცენარეა. მისი 3-4 სმ სიგრძის, ღეროს ზედ ნაწილში მტევნისმაგვარ ყვავილედად თანამოყრილ ყვითელ ყვავილებზე დაკვირვებით მუქი ფერის პატარა ლაქები შეიმჩნევა. ყვავილი ორტუჩიანია. ქვედა ტუჩი თავის მხრივ ორადაა გაყოფილი. ზედა კი მთლიანი და რამდენადმე მოღუნულია. თხელი, დიდი ზომის გულისებრ-ისრისებური ფოთლების ფირფიტები კიდედაკბილულია. ღეროს შუა და ქვედა ნაწილში განლაგებული ფოთლები შედარებით უფრო დიდი და გრძელყუნწიანია, ზედა ფოთლები ჩვეულებრივ პატარა ზომისაა. შალამანდილისთვის, კერძოდ მისი ღეროს კენწერული ნაწილისათვის, დამახასიათებელია წებოვნება რის გამოც ხელს ეკვრება. ყვავის ივნისიდან სექტემბრის ბოლომდე. ტენიანი ადგილების მცენარეა, თუმცა ზოგან შედარებით მშრალ ადგილებზეც სახლდება. გვხვდება უმთავრესად ტყეებში (ნაძვნარ-სოჭნარები, წიფლნარები და სხვა), ტყისპირებსა და ბუჩქნარებში. თაფლოვანი მცენარეა, ამასთან საკმაო რაოდენობით შეიცავს ეთერზეთს. ფოთლებისგან ამზადებენ წყლიან და სპირტიან ნაყენებს. ხალხურ მედიცინაში მთელ მცენარეს იყენებენ გულმკერდის არეში ტკივილების დროს, აგრეთვე კენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ, ნედლი ან მდუღარე წყლით დათუთქული ფოთლების დაფენით ჩირქოვანი მუწუკების განკურნვის საუკეთესო საშუალებაა.