lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
შმაგა
შმაგა სულ უმნიშვნელოდ განსხვავდება ბელადონასაგან. შმაგას ღეროს აქვს მტრედისფერი ნაფიფქი და შიშველია; ბელადონას ღეროს ნაფიფქი არ აქვს, ზედა ნაწილში კი თითქოს ჯირკვლებით არის შებუსული, გვირგვინის შეფერილობა უფრო მუქი აქვს ვიდრე შმაგას. ბელადონა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა ძაღლყურძენასებრთა ოჯახიდან, ფესურითა და მრავალრიცხოვანი მსხვილი დატოტვილი ფესვით. ღეროები სქელია და წვნიანი, წებოვან-ბუსუსოვანი, იზრდებიან თითო-თითოდ ან რამდენიმე ერთად, სიმაღლით 1-2 მ. მცენარის ზედა ნაწილში ტოტები კვლავ იტოტებიან. ფოთლები ხშირია, მუქი მწვანე. ისინი მორიგეობითია და დაწყვილებული. წყვილში შემავალი ერთი ფოთოლი სიდიდით ყოველთვის მნიშვნელოვნად აღემატება მეორეს, ხოლო ღეროზე ისეთნაირად არიან განლაგებულნი, რომ ერთმანეთს არ ფარავენ და ქმნიან თავისებურ "ფოთლების მოზაიკას". დიდი ფოთლები ელიფსურია, მისი წყვილი პატარა კი - კვერცხისებური ფორმის, წამახვილებული. ყვავილი მარტოულია, თავდახრილი. ვითარდება ფოთლის უბიდან. ჯამი ხუთკბილაა, გვირგვინი სწორია, მილისებრი, ხუთი, ოდნავ გადაღუნული ფრთით, მორუხო-მელნისფერი, ფუძისაკენ შედარებით ღია ფერის. მტვრიანა - 5, ნასკვი ზედაა. ყვავილობს ივნის-ივლისში. ნაყოფი - ორბუდიანი, მბრწყინავი, შავი, წვნიანი, მრავალთესლიანი კენკრაა, ზომით ალუბლის ნაყოფის ოდენა, მუქი მელნისფერი წვენით. თესლი მომრგვალოა დიამეტრით 2 მმ-მდე, შავი, უსწორმაწორო ზედაპირით. კენკრას აქვს მოტკბო-მომჟავო გემო. ნაყოფი ისევე, როგორც მთელი მცენარე, შხამიანია. ორივე სახეობა ველურად იზრდება ან ერთეული ეგზემპლარის სახით, ან ქმნიან მცირერიცხოვან ბარდებს ტყის პირას, ველობში, გზის ნაპირებში, მდინარის გასწვრივ, ზღვის დონიდან არაუმეტეს 200 მ-სა. როგორც ყველა შხამიანი მცენარე, ბელადონაც ყოველთვის იქცევდა ადამიანთა ყურადღებას. ამ მცენარით მოწამლვა იწვევს თავბრუსხვევას, აზრების სწრაფ ცვლას, მრავალსიტყვაობას. სმენით და ბგერით ჰალუცინაციებს, აღგზნებასა და ბოლოს - დეპრესიას. ყოველივე ამის გამო თვლიდნენ, რომ ბელადონას და მის მსგავს მცენარეებს: ლენცოფას, ლემას, მანდრაგორს - ავი სულები მფარველობენ და ამიტომ მათ კრეფას თან ახლდა მთელი რიგი რიტუალები. მცენარის სახელწოდება წარმოქმნილია იტალიური სიტყვებისაგან - bella- "ლამაზი" და donna- "ქალი". ქალები მცენარის წვენს იწვეთებდნენ თვალში, რის შედეგადაც თვალის გუგა ფართოვდებოდა და თვალი იღებდა განსაკუთრებულ ბრწყინვალებას, ხოლო წითელი ნაყოფით ლოყებს იზელდნენ. ნედლეულად იყენებენ ფოთოლსა და ფესვს. ყვავილობის დასაწყისში კრეფენ მხოლოდ ქვედა ფოთლების ღეროს დატოტვის დაწყებამდე. ყვავილობის ბოლოს კი - ახლად წამოზრდილი ტოტებიდან, თესლის წარმოქმნის დაწყებისას მცენარეს მთლიანად თიბავენ მიწის ზედაპირიდან 10 სმ-ის სიმაღლეზე, ახალი ყლორტების ამოყრის შემდეგ კვლავ კრეფენ ფოთლებს ერთხელ ან ორჯერ, მოთიბულ ბალახს ჭრიან 4 სმ-ის სიგრძეზე და აშრობენ. 5-6 წლის მერე ბელადონას კულტივირებას წყვეტენ. შემოდგომაზე მიწიდან იღებენ ფესვებს, ჭრიან 10-20 სმ სიგრძის ნაჭრებად და სიგრძეზე სერავენ. ფოთოლსა და თვით მცენარეს აშრობენ სწრაფად, დაახლოებით 40 გრადუსზე, ფესვის გაშრობა ჰაერზეც შეიძლება. ბელადონას ყოველი ნაწილაკი შეიცავს ალკალოიდებს. ფოთლები შეიცავენ 0,15-დან 1,2%-მდე ალკალოიდებს, ხოლო ფესვები - 0,05-1,3%-ს. ბელადონას ძირითადი ალკალოიდია _ ატროპინი. ბელადონას პრეპარატებს იყენებენ როგორც სპაზმოლიტურ, ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას კუჭ-ნაწლავის დაავადებისა და კუნთების სპაზმების დროს. იგი იხმარება მორფინითა და სოკოებით მოწამლვის შემთხვევაშიც. ბელადონას ფესვზე დამზადებულ პრეპარატს "კორბელა"-ს იყენებენ პარკინსონის დაავადების წინააღმდეგ. ბელადონა შედის აგრეთვე აბებში "ბელოიდი", სანთელში - "ანუზოლი" და სხვა.