ჯონჯოლისებრთა ოჯახის მოზრდილი 2-6 მეტრამდე სიმაღლის ბუჩქია. ჩვეულებრივი ჯონჯოლის კენტფრთართული ფოთლების ფოთოლაკთა რაოდენობა 5-7 თესლის ფარგლებში მერყეობს. ახალგაზრდა ყლორტები მუხლთშორისებში ღრუიანია უგულგულობის გამო. თეთრი ოდნავ მოვარდისფრო ყვავილები კენწრულ დაკიდულ ქოლგა ან საგველა ყვავილედებადაა შეკრებილი. ნაყოფი უკუკვერცხრისებრი, სიფრიფანა ბუშტივით გაბერილი 2-3 ბუდიანი წვერში შეზრდილი ამდენივე ნაკვთიანი კოლოფია. თესლი ბურთივით მრგვალი, კოლოფთან მიმაგრების ადგილას მობრტყო, მუქჩალისფერმოყავისფრო ნაჭუჭიანი. იზრდება ტყეებში და მდინარეთა ხეობებში 1000-1200 მეტრამდე სიმაღლეზე ზღვის დონიდან იმერეთში, აჭარაში, სამხრეთ ოსეთში, ქართლსა და კახეთში. ჩვეულებრივ ჯონჯოლთან შედარებით კოლაჯური ჯონჯოლის უმთავრესი განმასხვავებელი ნიშნებია ის, რომ კენტფრთართული ფოთლების ფოთოლაკთა რაოდენობა უმეტესწილად 3 ცალს არ აღემატება და ნაყოფის ნაკვთები წვერში განცალკევებულია. იზრდება ტყეებში, ტყისპირებსა და ხევებში მთის შუა სარტყლამდე (ხშირად 100 მეტრამდე). გვხვდება აფხაზეთში, რაჭა-ლეჩხუმში, აჭარაში, იმერეთში, სამეგრელოში. ორივე სახეობის ჯონჯოლის თანაყვავილედები ბუტონობის ფაზაში (გასაშლელად გამზადებული საყვავილე კვირტები) ჩვენში ოდითგანვე გამოიყენება როგორც შესანიშნავი საწნილე ნედლეულია. ამის გამო ჯონჯოლს ბაღ-ვენახების ნაპირებზეც კი აშენებენ საკარმიდამო ნაკვეთებში. ჯონჯოლის თესლისაგან ადრე ზეთსაც ხდიდნენ, რომელიც სუნითა და გემოთი ფსტის ზეთს მოგვაგონებს. მაგრამ მისი მსუბუქი გამხსნელი თვისების გამო საჭმელად ნაკლებად გამოიყენებოდა. ამ თვისებების გამო იგი საყურადღებოა როგორც ქრონიკული კუჭშეკრულობის საწინააღმდედო საშუალება. |