lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
წიფელი აღმოსავლეთის
წითლისებრთა ოჯახიდანაა. ტანმაღალი ხეა 40 (59) მ სიმაღლის, ხშირტოტებიანი, განიერცილინდრული ან კვერცხისებრი ფორმის ვარჯით. ღერო ღია ნაცრისფერი თხელი ქერქითაა დაფარული. ჩვილი ყლორტები ბუსუსებითაა მოფენილი. 7-10 (20) სმ სიგრძის, ტოტებზე მორიგებიოთ განლაგებული ელიფსური ფოთლები ზემოდან მუქმწვანე და შიშველია, ქვემოდან ღია მწვანე და ძარღვებშებუსვილია. ფოთლის ფირფიტის ფუძე სოლისებრადაა შევიწროებული, ბოლოში კი წაწვეტებულია, კიდემთლიანია ან ნაპირები ტალღისებურია. ერთსახლიანი მცენარე სქესგაყოფილი ყვავილებით, მდედრობითი ყვავილიდან 2-3 წახნაგოვანი ნაყოფი, ე.წ. წიწიბო ვითარდება. ნაყოფის ბუდე გარედან ჯაგრისებრი გამონაზარდებითაა დაფარული, მომწიფებისას ოთხი საგდულით იხსნება და წიწიბოები ცვივა. 1000 ცალი წიწიბო დაახლოებით 285 გ იწონის. ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფი სექტემბერ-ოქტომბერში მწიფდება. მთელი საქართველოს ტყეების 50 პროცენტამდე წიფელზე მოდის, იგი ფართოდაა გავრცელებული როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. მაღალი წარმადობის კორომებს ზღვის დონიდან 600-1200 მ სიმაღლეზე ქმნის. მთაში 2300 მეტრამდეც გვხვდება, ე.წ. ტანდაბრეცილი ტყის სახით ანუ სუბალპური ტყის სახით. წიფლის მერქანს ფრიად ფართო გამოყენება აქვს მშენებლობასა და საავეჯო წარმოებაში, აგრეთვე ქიმიურ მრეწველობაში. წიფლის მერქნის მშრალად გამოხდით იღებენ კუპრს, ხოლო კუპრისაგან კრეოზოტს, რომელსაც ანტისეპტიკური თვისებები გააჩნია, წიწიბო 30-50 პროცენტ ცხიმსა და 20 პროცენტზე მეტ ცილებს შეიცავს. მათ საკვებად იყენებენ, განსაკუთრებით მოხალულ მდგომარეობაში, მაგრამ არსებობს ცნობები მათ ტოქსიკურობაზე, ამიტომ საჭიროა სიფრთხილე მისი საჭმელად გამოყენებისას. საერთოდ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრი წიწიბოს ჭამა საზიანოა ორგანიზმისათვის. წიწიბოსაგან მიღებული ზეთი საუკეთესო გემოსია და საჭმელად გამოიყენება. წიწიბო შესანიშნავია ღორის საკვებად. ახალგაზრდა შეფოთლილ ტოტებს ჭრიან და ახმობენ (მწვანე ნეკერი) როგორც ვიტამინიზებულ საკვებს მსხვილფეხა საქონლისათვის. მედიცინაში წიფლის მერქნისაგან მიღებული კრეოზოტი გამოიყენება როგორც გარეგანი სადეზინფექციო საშუალება, დასალევად ხმარობენ სასუნთქი გზების ქრონიკული კატარის და ფილტვებში ჩირქოვანი პროცესების დროს. იმის გამო, რომ კრეოზოტი არასასიამოვნო სუნისა და გემოსია, აგრეთვე კუჭსა და თირკმლებზე გამაღიზიანებელი მოქმედება აქვს, მას ხშირად ცვლიან წიფლისგანვე მიღებული გვაიაკოლითა და მისი პრეპარატებით, რომელთაც აქვთ ასეპტიკური მოქმედების თვისება.