ძაღლყურძენასებრთა ოჯახის მრავალწლიანი, ძირში ღეროგამერქანებული, 1-4 მ სიგრძის მცოცავი მცენარეა. სოსანი ყვავილები ქოლგისებრ საგველა ყვავილედადაა შეკრებილი. წითელი, კვერცხისებრი, კენკრა ნაყოფები ღეროზე ქოლგებადაა დაკიდული. ამოკვეთილდაკბილულკიდეებიანი, კვერცხისებრი ფოთლები ღეროზე მორიგეობითაა განწყობილი. იზრდება ტყეებში, ტყისპირებსა და ბუჩქნარებში, მდინარეთა სანაპიროებსა და არხის პირებში, ზღვის დონიდან უფრო ხშირად 1000 მეტრამდე სიმაღლეზე. გავრცელებულია აფხაზეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სამეგრელოში, გურიაში, აჭარაში, ქართლში, მთიულეთში, გარეკახეთში, გარდაბანში, თრიალეთზე, ქვემო ქართლსა და მესხეთში. შესანიშნავი მცენარეა ვერტიკალური გამწვანებისათვის. ფარმაკოქიმიურად უფრო კარგად S. dulcamara L. არის შესწავლილი, რომელთანაც თავისი ქიმიზმით და სისტემატიკური მდგომარეობითაც ძალიან ახლოს დგას აქ განხილული სახეობა. ამიტომ სამკურნალოდ იგი წარმატებით გამოიყენება S. dulcamara L. მსგავსად. უმეტეს ავტორთა აღიარებით შხამიანი მცენარეა, მაგრამ ზოგი მკვლევარი დასაშვებად მიიჩნევს ნაყოფების ჭამას. ხალხურ მედიცინაში სამკურნალოდ ფოთლები გამოიყენება კატარისა და რევმატიზმის წინააღმდეგ, აგრეთვე ოფლმომდენ და შარდმდენ საშუალებად. ხალხურ მედიცინაში ხებალახას ხმარობენ სასუნთქი გზების კატარის, ხველის, რევმატიზმის და კანის დაავადებების სამკურნალოდ. ნედლ ტოტებს ბეღლებში ყრიდნენ თაგვებისა და ვირთხების დასაფრთხობლად (ტოტების სუნს ვერ იტანენ და გარბიან ბეღლიდან). ატროფინის მსგავსად ხებალახა გლიკოზიდი თვალის გუგის გაფართოებას იწვევს. ციმბირისა და რუსეთის ხალხური მედიცინა სამკურნალოდ უპირატესობას ყლორტების გამოყენებას აძლევს, რომელთაც ძლიერმომქმედად სცნობენ რევმატიზმის, ნიკრისის ქარის ("პოდაგრა"), იშიასის, წყალმანკის, სიყვითლის, ეგზემის, ესკუდატური დიათეზის, ბრონქების, კატარის, ბრონქიალური ასთმის საწინააღმდეგოდ. მასვე ჭიისდამდენ და შარდმომგვრელ კარგ საშუალებად მიიჩნევენ. ნაყოფების ნახარშს სვამენ ეპილეპსიისა და თავის შეტევითი ტკივილების დასაწყნარებლად. ყვავილების ნახარშს ურჩევენ ფილტვების დაავადებისა და ზედა სასუნთქი გზების კატარის დროს . |