lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
კოლიტი
(ბერძნ. kolon კოლინჯი, -itis ანთება) – მსხვილი ნაწლავის ანთება; კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ყველაზე გავრცელებული დაავადება. მისი მიზეზი შეიძლება იყოს ინფექცია (დიზენტერიის ჩხირი, სალმონელები, ამებები, ბალანტიდიები და სხვ.), კვებითი ინტოქსიკაცია. შეიძლება გამოიწვიოს ურემიულმა თვითმოწამვლამ ან განვითარდეს, როგორც აუტოიმუნური დაავადება (მაგ. არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი). ზოგჯერ მეორეული კოლიტის მიზეზია კუჭსა და წვრილ ნაწლავში საჭმლის მონელების დარღვევა. განარჩევენ მწვავე და ქრონიკულ კოლიტს. მწვავე კოლიტი იწყება მოვლითი ხასიათის ტკივილით მუცელში, რომელსაც თან სდევს ყურყური, მუცლის შებერვა, დეფეკაცია, 10–20–ჯერ დღეში და უფრო ხშირად. განავალი დასაწყისში თხელია, მყრალსუნიანი, ლორწოიანი, შემდეგ კი სისხლის მინარევით. ხშირად დეფეკაციის ყალბი სურვილი მცირეოდენი ლორწოსა და სისხლის გამოყოფით. ქრონიკულ კოლიტს ახასიათებს უმადობა, გულისრევა, საერთო სისუსტე, შეკრულობა ან ფაღარათი. ნაწლავთა მოქმედებამდე ავადმყოფს აწუხებს ყრუ ან მოვლითი ტკივილი მუცელში, რაც დეფეკაციის შემდეგ დროებით ჩაცხრება. კოლიტის დიაგნოზს ადგენენ რენტგენოლოგიურად, რექტორომანოსკოპიით და განავლის ლაბორატორიული გამოკვლევით.