lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
ანისული
ანისული როგორც სამკურნალო მცენარე ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს დროიდან არის ცნობილი. ანისული განეკუთვნება ქოლგისებრთა ოჯახს. იგი ერთწლიანი 30-60 სმ სიმაღლის ბალახოვანი მცენარეა დატოტვილი ღეროთი. ფოთლები მორიგეობითია, ხალთიანი. ქვემოთ ფოთლები გრძელყუნწიანია, მთლიანი, მომრგვალო-თირკმლისებრი. ღეროს შუა ნაწილის ფოთლები სამფოთოლაკიანია, სოლისებრი, გრძელყუნწიანია, ხერხისებრ-დაკბილული ფოთოლაკებით; ზემოთა ფოთლები მჯდომარეა, სამად დაყოფილი ან მთლიანი. ყვავილები პატარაა, თეთრი, შეუმჩნეველი, ქვედა ორბუდიანი ნასკვით, ორი სვეტითა და ორი დინგით. ყვავის ივნის-ივლისში, ნაყოფი მწიფდება აგვისტოში. ნაყოფი – მარცვალაა, კვერცხისებრი ან უკუმსხლისებრი. დამწიფების შემდეგ ადვილად იყოფა სიგრძეზე, სასიამოვნო სუნის მქონე მომწვანო-ნაცრისფერი ფერის ორ ნახევარნაყოფად. ნაყოფის განივ ჭრილში ლუპის ქვეშ კარგად მოსჩანს მრავალრიცხოვანი არხები ყვითელი ფერის ეთერზეთით. ნედლეულად გამოიყენება ანისულის ნაყოფი. მას ხმარობენ პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო წარმოებაში. ანისულის ნაყოფის დამზადების დროს დაუშვებელია მასში კონიოს შხამიანი ნაყოფის შერევა. ანისულის ნაყოფი შეიცავს 3%-მდე ეთერზეთს, 10-დან 30%-მდე ცხიმოვან ზეთებს, მჟავებს, კუმარინებს – ბერგაპტენს, უმბელიპრენინს, სკოპოლეტინს. ეთერზეთის მთავარი კომპონენტია – ანეთოლი (80-90%), გარდა ამისა, ნაყოფი შეიცავს ანისულის მჟავასა და ანისულის ალდეჰიდს. ანისულს ინახავენ კარგად შეფუთულ ტარაში, სურნელოვანი ნედლეულიდან მოშორებით. მისი შენახვის ვადა 3 წელია. ანისულს შეუძლია გამოიწვიოს ფიტოდერმატიტი, ან კონტაქტური დერმატიტი. ანისულის ეთერზეთი გამოიყენება როგორც ანთებითი პროცესების საწინააღმდეგო, სპაზმოლიტური და ამოსახველებელი საშუალება. ყველაზე ხშირად ანისულის ნაყოფისაგან მიღებულ პრეპარატებს იყენებენ სასუნთქი ორგანოების დაავადების დროს როგორც ამოსახველებელ საშუალებას, მის პრეპარატებს უნიშნავენ ლარინგიტების, ტრაქეიტების, ბრონქიტების, ბრონქოპნევმონიისა და ყივანახველის დროს. ანისულის პრეპატებს იყენებენ კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ნაწლავების სპაზმების დროს. კუჭის მუშაობის გასაუმჯობესებლად და მეტეორიზმის წინააღმდენ შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ნახარში: აიღეთ 5 გ (1 ჩაის კოვზი) ანისულის ნაყოფი, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და გააცხელეთ წყლის აბაზანაში 15 წთ-ის განმავლობაში. გააცივეთ 45 წთ, გაწურეთ და დაასხით ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობით (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ 1/4 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ 30 წთ-ით ადრე. ავიცენას მითითებით ანისულის გამოყენება სასარგებლოა სახისა და კიდურების შეშუპების დროს. ანისულის ორთქლის შესუნთქვა ცხვირიდან შველის თავის ტკივილსა და თავბრუსხვევას, ხოლო ვარდის ზეთში შერეული ანისულის ფხვნილის ჩაწვეთება ყურში კურნავს დარტყმებით გამოწვეულ ყურის ტკივილს. ავიცენას აზრით ანისული აძლიერებს შარდის გამოყოფას.