lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
მარიამსაკმელა
ორყურასებრთა ოჯახის მრავალღეროიანი, 20-70 სმ სიმაღლის ბალახოვანი მცენარეა. მოკლეყუნწიანი ძირამდე სამად გაყოფილი და თითოეული მათგანი კვლავ 2-3 ხაზურა ნაკვთიანი ფოთლები დატოტვილ ღეროებზე მორიგეობითაა განლაგებული, რომელთა ძირშიაც სადგისისებრი თანაფოთლები ზის. მთავარღერძიანი ფესვი სიგრძით ორ მეტრამდეა. შედარებით დიდი ზომის თეთრი ან მკრთალი ყვითელი ფერის ყვავილები ტოტების ბოლოებზე, ბუჩქის ზედა ნაწილშია გაბნეული, ჯამის ფოთლები (რომლებიც ნაყოფობის დროს ზედვე რჩება), თითქმის, ძირამდე ხუთადაა გაყოფილი წვეტიან ნაკვეთებად. ყვავილის გვირგვინის ელიფსური ფორმის ფურცლებიც ხუთია. ნაყოფი ზემოდან ოდნავ შეჭყლეტილი, 6-10 მმ დიამეტრის ბურთისებრი სამბუდიანი და სამსაგდულიანი კოლოფაა. სამწახნაგოვანი ან პირამიდული თესლი მრავალრიცხოვანია. იზრდება უმთავრესად ნათელი ტყის ზონისა და მთის შუა სარტყლის (1200 მ) ღია მშრალ ადგილებში, დასახლებული პუნქტების მახლობლად, განსაკუთრებით ხშირია ძოვებით გადატვირთულ ველებზე. გხვდება აჭარაში, იმერეთში, ქართლში, ქიზიყში, გარდაბანში, კახეთში და მესხეთში. განსაკუთრებით ბევრია ასპინძის რაიონში ავტოტრასის მიმდებარე მშრალ ველებზე. მედიცინაში ძირითადად თესლები გამოიყენება ჰარმინის მისაღებად. ზოგჯერ კი - ფესვებიც. ალკალოიდი ჰარმინი გამოიყენება ექსტრაპირამიდული სისტემისა და ეპიდემიური ენცეფალიტის შედეგების სამკურნალოდ, აგრეთვე პარკინსონიზმის და მთრთოლვარე (მოცახცახე) დამბლის დროს. მისი ზემოქმედებით ავადმყოფებს უუმჯობესდებათ ნებისმიერი მოძრაობები, რომლებიც უფრო სწრაფი და თავისუფალი ხდება. ექსპერიმენტებში ჰარმინი ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნებას ახდენს. განსაკუთრებით მოქმედებს ტვინის ქერქის მამოძრავებელ ცენტრებზე, დაბლა სწევს წნევას, აუმჯობესებს სუნთქვას, ადუნებს კუჭნაწლავის, საშვილოსნოსა და გულის კუნთებს, აფართოებს პერიფერიულ სისხლძარღვებს. დიდი დოზა იწვევს კრუნჩხვებს.