lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
ყვითელი ნიგვზისძირა
ვარდისებრთა ოჯახს ეკუთვნის. ნიგვზისძირას რაჭაში ეძახიან მარიამხელას 30-60 სმ სიმაღლის მრავალწლიანი მცენარეა. ღეროსა და ფოთლების ყუნწებზე შეიმჩნევა რბილი ბეწვები. ქვედა ფოთლები წყვეტილფრთისებრი და გრძელყუნწაა 2-4 წყვილი სეგმენტით. კენწრული სეგმენტი გაცილებით დიდია სხვა სეგმენტებთან შედარებით. სეგმენტთა ფორმა მოგრძო რომბულია, ძირში სოლისებრ შევიწროებით და კიდეებში მსხვილადაა დაკბილული. ყვავის აღმამდგომი ყვითელი ყვავილებით აპრილ-აგვისტოს განმავლობაში, თესლი აღჭურვილია კაუჭა დანამატებით რითაც საქონელს ეკვრის და შორ მანძილზე ვრცელდება. ხშირად გვხვდება კალთაშეთხელებულ მუხნარებში, ტყის პირებსა და ბუჩქნარებში, აგრეთვე ბაღებში. მისი ფესურა საკვებად ვარგა, ზოგან მას ლუდში ხმარობენ იმისათვის, რომ არ დამჟავდეს. ხალხურ მედიცინაში ნიგვზისძირას ფესურასა და ფესვებს ფხვნილის სახით თაფლში არეულს ხველების წინააღმდეგ იყენებენ, 1 გრ ფხვნილი დღეში 3-4-ჯერ. ფესვების მონახარში იხმარება კუჭისა და ნაწლავების კატარის წინააღმდეგ. გარდა ამისა ნიგვზისძირა გამოიყენება მალარიისა და თირკმლების სამკურნალოდ. რეკომენდებულია დიზენტერიის, პირღებინების, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის სამკურნალოდ. პირის ღრუში არასასიამოვნო სუნის გასაქრობად ივლებენ მის მონახარშს. მონახარშის მოსამზადებლად იღებენ 30 გრ ფესვებს და ასხამენ 240 გრ მდუღარე წყალს. მიიღება თითო ჩაის კოვზი ყოველ ორ საათში. კარგია მისი ღვინოზე ნაყენიც. 60 გრ ფესვებს ასხამენ 0,5 ლიტრ ღვინოს, რამდენიმე დღის შემდეგ იღებენ თითო სუფრის კოვზს დღეში ორჯერ.