lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
არიტმია
არიტმია გულის ნორმალური რიტმის დარღვევაა, პროგნოზის თვალსაზრისით იგი შეიძლება იყოს აბსოლუტურად კეთილთვისებიანი, რომელიც არავითარ მკურნალობას არ საჭიროებს და ძალზე საშიში, რომელსაც ზოგჯერ გონების დაკარგვა ახლავს და შეიძლება უეცარი სიკვდილითაც კი დასრულდეს. ამიტომ არითმიების დიფერენცირება და მათი ადეკვატური მკურნალობა სიცოცხლისათვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. არსებობს არიტმიის უამრავი სახეობა. იგი შეიძლება გამოწვეული იყოს რაიმე სერიოზული დაავადებით ან მის უკან იდგეს ემოციური გადაძაბვა, ან ყავის დიდი რაოდენობით მიღება, ან ფაღარათის გამო კალიუმის დიდი რაოდენობით კარგვა და სხვა. ზოგჯერ გულის მუშაობის დარღვევა ვითარდება მეორეულად, ანუ ის რომელიმე სხვა ორგანოს დაავადების სიმპტომია. მაგალითად: ჩიყვის ერთ-ერთი წამყვანი სიმპტომია არითმია; ხშირად კუჭ-ნაწლავის სისტემის ნორმალური ფუნქციონირების დარღვევას თან ახლავს რომელიმე ტიპის არიტმიის განვითარება და ა.შ. არიტმიები შეიძლება განაპირობოს უშუალოდ გულში მიმდინარე გარკვეულმა ელექტროფიზიოლოგიურმა მოვლენებმა. კერძოდ, მათ იწვევს გულის დაავადებები ან არიტმოგენული პათოლოგიები. არიტმია ყველაზე ხშირად გულის რომელიმე დაავადების სიმპტომია. მაგალითად, გულის იშემიური დაავადების ერთ-ერთი გამოვლინებაა არითმია (ინფარქტი შეიძლება წარიმართოს არითმიით).