lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
აქალაზია კარდიის
კარდიის აქალაზია საყლაპავის ნერვკუნთოვანი აპარატის ქრონიკული დაავადებაა. ამ დროს დარღვეულია საყლაპავის ქვედა, კუჭის შესასვლთან არსებული სფინქტერის (კარდიის) რეფლექტორული გახსნა ყლაპვის დროს, რასაც თან სდევს საყლაპავის პერისტალტიკისა და ტონუსის დაქვეითება. ყოველივე ამის შედეგად ირღვევა კუჭისკენ საკვების ევაკუაცია. მიზეზები. კარდიის აქალაზიის მიზეზები ბოლომდე გარკვეული არ არის. მიიჩნევენ, რომ პათოლოგია აღმოცენდება იმ ნერვულ მარეგულირებელ მექანიზმებს შორის წარმოქმნილი უთანხმოების შედეგად, რომლებიც საყლაპავის პერისტალტიკურ მოძრაობასა და საკვების მისვლისას საყლაპავის ქვედა სფინქტერის რეფლექსურ გახსნას განაგებენ. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ დაავადების ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს კვების დარღვევა, განსაკუთრებით - B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა. კარდიის აქალაზია ყველაზე ხშირად 25-დან 50 წლამდე ასაკში გვხვდება. ის თანდათანობით ვითარდება. პაციენტები უკან იღებენ ახლახან მიღებულ საკვებს, უჩივიან ტკივილს, რომელიც მკერდის ძვლის უკან აღმოცენდება და კისრისკენ, ბეჭებისკენ, ყურში გადაეცემა. ტკივილი შესაძლოა დაავადების პირველი ნიშანი იყოს. ის უმეტესად ჭამის შემდეგ იჩენს თავს, თუმცა ყოველთვის საკვების მიღებაზე არ არის დამოკიდებული. დროთა განმავლობაში ტკივილის სინდრომი სუსტდება. ავადმყოფები უჩივიან საკვების კუჭში არადროული გადასვლის შეგრძნებას. ზოგიერთი ზუსტად მიუთითებს საკვების შეფერხების ადგილს გულმკერდის წინა ზედაპირზე. ხშირად ავადმყოფები კუჭში საკვების დროულად გადასვლის მიზნით სხვადასხვა ხერხს მიმართავენ: სწრაფად სვამენ დიდი რაოდენობის სითხეს, წინ ან უკან იხრებიან, ხელებს კეფაზე იწყობენ. ღებინება (რეგურგიტაცია) თავდაპირველად საკვების მიღებისთანავე ხდება, შემდგომში კი, ვინაიდან საყლაპავის ქვედა, გაფართოებულ ნაწილში სულ უფრო მეტი ოდენობის საკვები გროვდება, მას მოგვიანებით, თუმცა ერთბაშად იღებენ. პირნაღები საკვები მასა, ჩვეულებრივი ღებინებისას ამონაღებისგან განსხვავებით, დაღეჭილ, მაგრამ კუჭის მიერ სრულიად გადაუმუშავებელ საკვებს წარმოადგენს. ღებინებისას საკვები მასის ნაწილაკები შესაძლოა ტრაქეაში და შემდეგ ფილტვებში მოხვდეს. შედეგად ვითარდება ფილტვების ანთებითი დაავადებები, ასპირაციული პნევმონია. ხშირად პაციენტს აწუხებს სლოკინის შეტევა და გაძლიერებული ნერწყვდენა. განასხვავებენ კარდიის აქალაზიის 4 სტადიას.