lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
დისპლაზია
დისპლაზია ქსოვილის ან ორგანოს განვითარების დარღვევაა. ხშირია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, კერძოდ, მენჯ-ბარძაყის სახსრის თანდაყოლილი დისპლაზია. ის ჩვენში სამხარეო პათოლოგიად მიიჩნევა - საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის ბარძაყის თავის თანდაყოლილი ამოვარდნილობის ყველაზე მეტი შემთხვევა საქართველოში იყო აღრიცხული. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჩამოყალიბება ემბრიონის განვითარების მე-4-5 კვირას იწყება, ხოლო მისი საბოლოო ფორმირება მას შემდეგ ხდება, რაც ბავშვი ფეხს აიდგამს. დარღვევა შეიძლება მოხდეს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. ყველაზე ხშირად მისი მიზეზი გენეტიკური დეფექტია. თუ ბავშვის დედას ან მის რომელიმე ნათესავს ჩვილ ასაკში ან ბავშვობაში ორთოპედიული პრობლემები ჰქონდა, ასეთი გადახრის მემკვიდრეობით გადაცემის ალბათობა დიდია. განსაზღვრულ როლს ასრულებს გარეგანი ფაქტორები და ორსულობის დროს დედის ორგანიზმში მომხდარი ჰორმონული დარღვევები. ორთოპედიაში დისპლაზიური სინდრომის ცნება გულისხმობს შემაერთებელი ქსოვილის განვითარების დარღვევას, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს შემაერთებელი ქსოვილის სისუსტესთან შერწყმული სახსრების ჰიპერმობილურობის (ჭარბი მოძრაობის) სახით. დისპლაზია დამოუკიდებელი დიაგნოზი არ არის. ის მდგომარეობაა, რომელიც სხვადასხვა დაავადების დროს გვხვდება.