lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
ვენური უკმარისობა
ქრონიკული ვენური უკმარისობა ფართო ცნებაა, რომელიც მოიცავს პათოლოგიების მთელ წყებას, მათ შორის - ვარიკოზულ დაავადებას და პოსტთრომბოზულ სინდრომს (ვითარდება ვენური სისტემის თრომბოზის შემდეგ). არსებობს გაურკვეველი გენეზის ვენური უკმარისობაც. დაავადების მექანიზმი ასეთია: ქვედა კიდურებში სისხლის უკუქცევა ფერხდება და ის სათანადო ოდენობით არ ბრუნდება გულისკენ. ეს იწვევს ჰემოდინამიკურ ცვლილებებსა და ცირკულატორულ მოშლილობებს, რაც ვლინდება ქვედა კიდურების შეშუპებით (თავდაპირველად ფეხები მხოლოდ საღამოობით შუპდება, ღამით კი შეშუპება ცხრება), ტკივილით, სიმძიმისა და სიმხურვალის შეგრძნებით, ოფლიანობით, ქავილით. ის შეიძლება გართულდეს ტროფიკული წყლულით და ღრმა ვენების თრომბოზითაც კი. ვენურ სისტემას აქვს მრავალრიცხოვანი სარქვლოვანი აპარატი. ზოგიერთი დაავადების, მაგალითად, ვარიკოზული დაავადების შედეგად, რომელიც არა მარტო ზედაპირულ, არამედ ღრმა ვენურ სისტემასაც აზიანებს (თუმცა ეს ფარულად ხდება), ვითარდება სარქვლოვანი აპარატის დეფიციტი, რომელიც ფეხზე დგომისა და სიარულის დროს იწვევს რეფლუქსს - სისხლის არა გულისკენ, არამედ საპირისპირო მიმართულებით დენას, უკუდენას, რასაც ცირკულატორული და ჰემოდინამიკური დარღვევები მოჰყვება. ამ დარღვევათა მაპროვოცირებელი ფაქტორებია ჭარბი წონა, ადინამია, ორსულობა. ორსულობისას ორგანიზმში ხდება ძლიერი ჰორმონული ცვლილებები, რომლებიც ვენის კედელზე მოქმედებს. ამავე დროს, ქვედა ღრუ ვენა, რომელიც ვენური სისხლის მთავარი კოლექტორია, ნაყოფის ზეწოლის შედეგად შესაძლოა 80%-ით ან მთლიანად დაიხშოს. თუ ორსულს დაეწყო ქვედა კიდურების შესივება, გამოაჩნდა ვენური ქსელი და სხვა, მისთვის აუცილებელია სპეციალიზებული დაკვირვება და ხელშემწყობი პირობების შექმნას. პირველ ყოვლისა, კომპრესიული წინდების ტარება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში (ორსულობის მეორე ნახევარში) - ფლებოტონიკების ხმარება, რაც საგრძნობლად გააძლიერებს ვენურ დრენაჟს.