lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
ლაბირინთიტი
ლაბირინთიტი შიგნითა ყურის ანთებითი დაავადებაა. ლაბირინთი მდებარეობს შიგნითა ყურის სიღრმეში და შედგება სამი ნახევარწრიული არხისგან, რომლებსაც წონასწორობის კონტროლირება აკისრია. შიგნითა ყურის ამ სტრუქტურების ანთება უმეტესად ვირუსული ბუნებისაა, გაცილებით იშვიათად - ბაქტერიული. ლაბირინთიტი ხშირად იწვევს თავბრუხვევას, რომელიც ზოგჯერ იმდენად მძიმეა, რომ გულისრევასა და ღებინებასაც კი განაპირობებს. ლაბირინთიტი შესაძლოა მიმდინარეობდეს სმენის დროებითი დაქვეითებით. ბაქტერიული ლაბირინთიტი, ჩვეულებრივ, ვითარდება შუა ყურის ინფექციურ-ანთებითი დაავადების ან მენინგიტის შემდეგ და გაცილებით სერიოზულად და რთულად მიმდინარეობს. ლაბირინთიტის მიზეზები ბოლომდე შესწავლილი არ არის. ყველაზე ხშირად დაავადების პროვოცირებას იწვევს ზედა სასუნთქი გზების ინფექცია (გაციება, გრიპი). იშვიათად ლაბირინთიტის მიზეზად იქცევა შუა ყურის ინფექცია, კიდევ უფრო იშვიათად - ე. წ. ბაქტერიული ინფექცია.