lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
ლეიშმანიოზი
ლეიშმანიოზი იმ ინფექციების საერთო სახელწოდებაა, რომელთაც იწვევს უმარტივესი უჯრედშიდა პარაზიტი ლეიშმანია. ადამიანებსა და ცხოველებში ლეიშმანიოზის გადამტანია პატარა სისხლისმწოველი მწერი ფლებოტომუსი. ინფექციის წყაროს დაავადებული ადამიანი ან ცხოველი წარმოადგენს. მისი სისხლის ამოწოვისას პარაზიტები ფლებოტომუსის კუჭში ხვდებიან. 5-8 დღის შემდეგ მწერს უკვე შეუძლია პარაზიტის გადაცემა და სხვა ადამიანისა თუ ცხოველის დაავადება. ლეიშმანია გვხვდება ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში. გეოგრაფიული გავრცელების მიხედვით ამ პარაზიტით გამოწვეულ დაავადებებს ორ ძირითად ჯგუფად - ძველი და ახალი სამყაროს ლეიშმანიოზებად ყოფენ. ძველი სამყაროს (ევროპა, აზია, აფრიკა) ლეიშმანიოზებია: I. კანის (ზოონოზური, ანთროპონოზული) ლეიშმანიოზი; II. ვისცერული (ინდოეთის, ხმელთაშუა ზღვის (ბავშვთა), აღმოსავლეთ აფრიკის) ლეიშმანიოზი. ახალი სამყაროს (ამერიკის კონტინენტის) ლეიშმანიოზებია: I. კანის ლეიშმანიოზი; II. კან-ლორწოვანის ლეიშმანიოზი; III. ვისცერული ლეიშმანიოზი. კანის ლეიშმანიოზი კანის ანთროპონოზული ლეიშმანიოზი. ინფექციის წყაროა დაავადებული ადამიანი, გადამტანია ფლებოტომუსი. ძირითადად ქალაქებში გვხვდება, სეზონურობა არ ახასიათებს და მყარ იმუნიტეტს ტოვებს. ადამიანი კანის ლეიშმანიოზით ავადდება ფლებოტომუსის კბენის შედეგად, ასევე - მწერის გაჭყლეტისას, რის შედეგადაც ლეიშმანიები კანზე არსებულ ჭრილობაში ხვდებიან. კანში მოხვედრილი ლეიშმანია იქვე იწყებს გამრავლებს, რის შედეგადაც დერმაში წარმოიქმნება მრავალუჯრედული სპეციფიკური გრანულომა - ლეიშმანიომა. 3-6 თვის შემდეგ ლეიშმანიომაში იწყება ქსოვილის დანეკროზება და ჩნდება წყლული, რომელიც საბოლოოდ დანაწიბურდება. ლიმფური გზით ლეიშმანიების გავრცელება იშვიათია.