lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
მასტიტი სარძევე ჯირკვლის არასპეციფიკური ანთებითი დაავადებაა, რომელიც სარძევე ჯირკვლის ქსოვილში ბაქტერიის მოხვედრის შედეგად ვითარდება. ის ქალებს, უმთავრესად - პირველმშობიარეებს, ემართებათ ბავშვის ძუძუთი კვების პერიოდში, თუმცა არც ის არის გამორიცხული, მშობიარობამდე ან ორსულობისა და მშობიარობისგან დამოუკიდებლად განვითარდეს. ძალიან იშვიათად მასტიტი გვხვდება გოგონებსა და მამაკაცებშიც. განასხვავებენ მშობიარობის შემდგომ ანუ ლაქტაციურ (მეძუძურ დედებში) და ფიბროზულ-კისტოზურ (არ არის დამოკიდებული ძუძუთი კვებაზე) მასტიტს. დაავადების განსაკუთრებული ფორმაა ახალშობილთა მაწავართი (წყლისა) - ჩვილს (განურჩევლად სქესისა) სარძევე ჯირკვლები აქვს შეშუპებული, რასაც დედის სისხლიდან შვილისაში ლაქტოგენური ჰორმონის გადასვლა განაპირობებს. ქალს, რომელსაც მასტიტი ერთხელ უკვე ჰქონდა, მომავალში ამ დაავადების ხელმეორედ განვითარების დიდი შანსი აქვს. მასტიტის მთავარი მიზეზია სარძევე ჯირკვალში რძის შეგუბება, მისი არასრული დაცლა, დვრილების ირგვლივ ნახეთქების არსებობა. ასეთ პირობებში მოხვედრილი მიკრობები ლიმფური და სარძევე სადინარებით ჯირკვალში აღწევენ და იქ ანთებით პროცესს იწვევენ. მასტიტის გამომწვევები - სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი და ზოგიერთი სხვა მიკრობი - ძუძუსთავებზე ხვდებიან ჩვილის პირიდან, ჭუჭყიანი თეთრეულიდან, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ჰიგიენის დაუცველობის გამო, ნახეთქები კი დვრილებზე უმთავრესად ბავშვის არასწორი მოჭიდების გამო ჩნდება.