ადამიანს მთელი სიცოცხლის განმავლობაში სცვივა თმა და ახალი ამოსდის. ეს თმის ზრდის ნორმალური ციკლია. დღე-ღამეში ადამიანი თმის 50-დან 150-მდე ღერს კარგავს. სტატუს ქუო-ს შესანარჩუნებლად აუცილებელია, დაცვენილი და ახალამოსული ღერების რაოდენობა ერთმანეთს შეესაბამებოდეს. როდესაც უფრო მეტი ცვივა, ვიდრე ამოდის, ვითარდება გამელოტება - ალოპეცია. ის შეიძლება დაემართოთ არა მარტო მამაკაცებს, არამედ ქალებსა და ბავშვებსაც. ალოპეცია სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ ფსიქიკურ დისკომფორტს, ზოგჯერ - აშლილობასა და ადამიანის სოციალურ იზოლაციას იწვევს (გარეგნობაზე ბევრად არის დამოკიდებული ადამიანის გუნება-განწყობა და მისდამი დამოკიდებულება სოციუმში). განასხვავებენ ორი ტიპის ალოპეციას: ნაწიბუროვანს, რომელიც გამოწვეულია ანთებითი პროცესების, კანის ატროფიის ან დანაწიბურების შედეგად თმის ფოლიკულების განადგურებით და არანაწიბუროვანს. ამ უკანასკნელ ტიპს მიეკუთვნება ბუდობრივი, ანდროგენული და დიფუზური ალოპეცია. |