lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Asthma bronchiale
ბრონქული ასთმა წვრილი ბრონქების სპაზმით გამოწვეული ქოშინისა და სულხუთვის განმეორებითი შეტევებით მიმდინარე დაავადებაა. მას საფუძვლად უდევს ბრონქების მომატებული მგრძნობელობა ზოგიერთი ისეთი ფაქტორის მიმართ, რომლებზეც ადამიანი, ჩვეულებრივ, არ რეაგირებს. ამგვარი ზემგრძნობელობა სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებით არის განპირობებული. ალერგიული ანთების შედეგად სასუნთქი გზები მგრძნობიარე ხდება ისეთი მაპროვოცირებელი ფაქტორების მიმართ, როგორიც არის ხემცენარეების, ბალახების, მარცვლოვნების, სარეველებისა და ყვავილების მტვერი, ოთახის მტვრის ტკიპა, შინაური ცხოველების ბეწვი, ნესტის სოკოები, მწერების შხამი, საყოფაცხოვრებო ალერგენები, სურსათი (რძე, კვერცხი, თევზი, თხილი, ციტრუსი, ნიგოზი და სხვა), ქიმიური გამღიზიანებლები, თამბაქოს კვამლი, ცივი ჰაერი, ფიზიკური დატვირთვა, ფსიქოემოციური სტრესი. მათი ზემოქმედებით სასუნთქი გზები ვიწროვდება, შუპდება, ივსება ლორწოთი და ზედმეტად მგრძნობიარედ რეაგირებს სტიმულებზე. თუ ბრონქების მომატებულ მგრძნობელობას თან ახლავს სენსიბილიზაცია ალერგენის მიმართ სპეციფიკური (IგE) ანტისხეულების წარმოქმნით, მაშინ ამ ალერგენმა შესაძლოა ასთმის შეტევის პროვოცირება მოახდინოს. ეს არის ალერგიული ანუ ატოპიური ასთმა. არსებობს ინფექციით განპირობებული ასთმა, ასევე - ფორმები, როდესაც შეტევა ვითარდება არასპეციფიკური გამღიზიანებლების (თამბაქოს, ცივი ჰაერის, ფიზიკური დატვირთვის, ძლიერი ემოციის და სხვა) ზემოქმედებისას. ბრონქული ასთმის განვითარებაში მონაწილეობს სამი ელემენტი: ბრონქის კუნთების სპაზმი, ლორწოვანის შეშუპება და ჰიპერსეკრეცია. ეს ელემენტები ზოგჯერ სავსებით შექცევადია, ზოგჯერ - ნაწილობრივ. ასთმა შეიძლება არაალერგიულმა ფაქტორებმაც გაამწვავოს, მათ შორის - ამა თუ იმ წამლის აუტანლობამ (მაგალითად, ასპირინის აუტანლობისას ასპირინისა და ბეტა-ბლოკატორების დანიშვნა ასთმიან პაციენტებში ასთმის პროვოცირებას იწვევს), გასტროეზოფაგალურმა რეფლუქსმა. შესაძლოა, სულხუთვის მიზეზად იქცეს დიდი ზომის ჩიყვი, უცხო სხეული და სხვა. არცთუ იშვიათად პენიცილინის რიგის პრეპარატები, ადგილობრივი და ზოგადი მოქმედების ანესთეტიკები და ზოგიერთი სხვა მედიკამენტი იწვევს ალერგიულ რეაქციებს, რომელთა შორის არც ასთმური შეტევაა გამორიცხული. ბრონქული ასთმისთვის დამახასიათებელია ბრონქოსპაზმის შექცევადობა სპონტანურად ან მკურნალობის ფონზე. ბრონქული ასთმის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კლიმატურ-გეოგრაფიული პირობები: ტენიანობა, მცენარეული საფარველის თავისებურება. მაგალითად, დასავლეთ საქართველოში მაღალი ტენიანობის გამო ხშირია ბრონქული ასთმის ფორმები, როდესაც აღინიშნება სენსიბილიზაცია ოთახის მტვრის ტკიპებისა და სოკოვანი ალერგენების მიმართ, ვინაიდან ხელსაყრელი პირობები იქმნება ამ ალერგენების გამრავლებისთვის.