ბრუცელოზი (ტალღისებრი ცხელება, ჰიბრალტარის ცხელება) ინფექციურ-ალერგიული დაავადებაა, რომელსაც ცხელება, რეტიკულურ-ენდოთელური, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, საყრდენ-მამოძრავებელი და სხვა სისტემების დაზიანება ახასიათებს. ბრუცელოზი გვხვდება ყველგან, სადაც კი მეცხოველეობას მისდევენ. დაავადების გამომწვევია ბრუცელების გვარის წარმომადგენელი. ამჟამად მისი 6 სახეობაა ცნობილი. მათ შორის ადამიანისთვის განსაკუთრებით პათოგენურია Br. melitensis, რომლის მატარებელიც თხა და ცხვარია. ბრუცელოზის შემთხვევათა უმრავლესობა სწორედ ამ ბაქტერიით არის გამოწვეული. ინფექციის წყარო შეიძლება იყოს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვიც, რომელიც Babovius bovis-ის მატარებელია. დაავადებული ძროხა მრავალ ადამიანს აინფიცირებს, მაგრამ ავადდებიან ერთეულები და დაავადებაც უფრო მსუბუქად მიმდინარეობს. ინფექცია გადაედება ალიმენტური, კონტაქტური და ასპირაციული გზით. პირველ შემთხვევაში ადამიანი ავადდება დაავადებული ცხოველის თერმულად ცუდად დამუშავებული რძისა და ხორცის პროდუქტების მიღებისას. კონტაქტური გზით ინფიცირებისას გამომწვევი ორგანიზმში იჭრება დაზიანებული კანიდან ან ლორწოვანი გარსიდან დაავადებული ცხოველის სისხლთან, შარდსა და განავალთან შეხებისას. ბრუცელოზი პროფესიული დაავადებაა. უმთავრესად ავადდებიან ვეტერინარები, ზოოტექნიკოსები, ხორცკომბინატის თანამშრომლები, მატყლზე მომუშავეები, მონადირეები და ა.შ. ავადობის სიხშირე იზრდება გაზაფხულზე და ზაფხულში - დოლისა და მასიური წველის პერიოდში. |