ღვიძლის კარცინომა შესაძლოა იყოს როგორც პირველადი ანუ ღვიძლის უჯრედებიდან წარმომავალი, ისე მეორეული - ღვიძლის ქსოვილში ჩაზრდილი რომელიმე ორგანოს კიბოს მეტასტაზი. მეტასტაზური სიმსივნე პირველად კიბოზე 20-ჯერ ხშირად გვხვდება. სხვადასხვა ლოკალიზაციის ავთვისებიან სიმსივნეთა მესამედზე მეტი ჰემატოგენური გზით ღვიძლს აზიანებს. ღვიძლის პირველადი კარცინომა იშვიათი დაავადებაა - მის წილად ავთვისებიან სიმსივნეთა 0,2-3% მოდის. დაავადებულებს შორის ჭარბობენ 50-65 წლის მამაკაცები. მამაკაცების 90%-სა და ქალების 40%-ში ღვიძლის პირველადი სიმსივნე ავთვისებიანი ხასიათისაა. ღვიძლის კიბოს განვითარებას ხელს უწყობს ქრონიკული ვირუსული B ჰეპატიტი (იგი ჰეპატომის მქონე პაციენტთა 80%-ს აღენიშნება). ვირუსმატარებლებს ღვიძლის უჯრედული კიბოს განვითარების ალბათობა ორასჯერ მეტი აქვთ, ამასთანავე, მამაკაცებს - უფრო მეტი, ვიდრე ქალებს. ჰეპატომით დაავადებულთა დაახლოებით 60-90% აქვს ღვიძლის ციროზი. ღვიძლის კარცინომის განვითარებას ხელს უწყობს ჰემოქრომატოზი (ორგანიზმში რკინის სიჭარბე), ღვიძლის ქრონიკული დაავადებები: ჰეპატიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება, პარაზიტული დაავადება (ოპისტორქოზი, შისტოსომოზი და სხვა), ასევე - სიფილისი და ალკოჰოლიზმი. შესაძლოა, ღვიძლზე კანცეროგენული გავლენა მოახდინოს მრეწველობის პროდუქტებმა: პოლიქლორირებულმა დიფენილმა, ქლორირებულმა ნახშირწყლოვანმა ხსნარებმა (მაგალითად, ნიტროზამინებმა), ქლორის შემცველმა ორგანულმა პესტიციდებმა, ორგანულმა ნაერთებმა (საკვებ პროდუქტებში, მაგალითად, არაქისში, შემავალმა აფლატოქსინმა). ღვიძლის პირველად კიბოებს შორის განასხვავებენ ჰეპატოცელულარულ კარცინომას (ჰეპატომა, ღვიძლუჯრე დოვანი კიბო, რომელიც პარენქიმული წარმომავლობისაა), ჰეპატობლასტომას (ბავშვთა ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე), ქოლანგიოკარცინომას (სანაღვლე გზების ეპითელიუმიდან წარმოშობილი სიმსივნე, რომლის წილადაც მოდის ღვიძლის პირველადი კიბოს 5-30%), ღვიძლის ანგიოსარკომას (იმავე ჰემანგიოენდოთელურ ავთვისებიან სიმსივნეს, რომელიც ღვიძლის ერთ-ერთი ყველაზე ავთვისებიანი სიმსივნეა და სისხლძარღვების ენდოთელიუმისგან წარმოიშობა). ღვიძლის მეტასტაზური კიბოს უჯრედული შენება შეესაბამება იმ ორგანოს პირველადი სიმსივნის შენებას, საიდანაც იღებს სათავეს მეტასტაზი. |