ფილტვებისა და ბრონქების კარცინომა, წესისამებრ, ერთად განიხილება ბრონქოპულმონური კიბოს სახელწოდებით. განასხვავებენ მის ორ ძირითად ფორმას: მსხვილი ან წვრილი ბრონქიდან წარმომავალ ფილტვის ცენტრალურ კიბოს (80%) და თავად ფილტვის ქსოვილისგან განვითარებულ ფილტვის პერიფერიულ კიბოს. გარდა ამ ორი ძირითადი ფორმისა, გვხვდება, თუმცაღა იშვიათად, მედიასტინალური, მილიარული (კვანძოვანი) და სხვა სახის კარცინომებიც. ფილტვის კიბო ჰისტოლოგიური შენების მიხედვით უმეტესად ბრტყელუჯრედოვანია. შედარებით იშვიათად გვხვდება ჯირკვლოვანი (ადენოკარცინომა), მკვეთრად ანაპლაზიური, წვრილუჯრედოვანი და სხვა ვარიანტებიც. ფილტვის კარცინომის განვითარებას შესაძლოა წინ უძღოდეს ქრონიკული ანთებითი პროცესები: ქრონიკული პნევმონია, ბრონქოექტაზიური დაავადება, ადრე გადატანილი ტუბერკულოზის შედეგად ფილტვის ქსოვილში გაჩენილი ნაწიბურები და სხვა. არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოწევა - სტატისტიკის თანახმად, ფილტვის კიბო მწეველებს უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე არამწეველებს. დღეში ორ კოლოფზე მეტი სიგარეტის მოწევის შემთხვევაში ფილტვის კარცინომის განვითარების ალბათობა 15-25-ჯერ იზრდება. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს აზბესტის მტვერი (აზბესტის ქარხნებში მომუშავეთათვის) და გამოსხივებაც. |