lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Carcinoma vesicae urinariae
შარდის ბუშტის კარცინომის წილად ავთვისებიან სიმსივნეთა 1,5-3% და შარდსასქესო ორგანოთა სიმსივნეების 30-50% მოდის. მამაკაცები ქალებზე 3-4-ჯერ ხშირად ავადდებიან. სიმსივნის ეს ფორმა ყველაზე ხშირად 40-60 წლის ასაკში გვხვდება. შარდის ბუშტის კიბოს განვითარება უკავშირდება თამბაქოს წევას და ზოგიერთი ქიმიური და ბიოლოგიური კანცეროგენის ზემოქმედებას. რეზინის, საღებავების, ქაღალდებისა და ქიმიურ მრეწველობაში გამოყენებული ნივთიერებების კანცეროგენული ნაწილაკები ხელს უწყობს შარდის ბუშტის კიბოს აღმოცენებას. ცნობილია ანილინის მავნე გავლენა. ანილინის საწარმოებში მომუშავეებს შორის შარდის ბუშტის კიბო გაცილებით ხშირად გვხვდება, ამასთანავე, ის ანილინთან კონტაქტის შეწყვეტიდან 10 წლის და უფრო მეტი ხნის შემდეგაც კი შეიძლება განვითარდეს. კიბოსწინარე დაავადებებს მიაკუთვნებენ კეთილთვისებიან ეპითელურ სიმსივნეებს (პაპილომებს). ესენია ხაოიანი წანაზარდები, რომლებსაც ხშირად გრძელი ფეხი აქვს, ზომით კი ქინძისთავისოდენადან დიდი ვაშლისოდენამდე მერყეობს. არცთუ იშვიათია მრავლობითი პაპილომა (შარდის ბუშტის პაპილომატოზი). კიბოს განვითარების ალბათობა ასევე დიდი აქვთ ქრონიკული ცისტიტით დაავადებულებს. ყველაზე ხშირად გვხვდება გარდამავალუჯრედული კიბო. შედარებით იშვიათია ბრტყელუჯრედული კიბო და ადენოკარცინომა. შარდის ბუშტი, გარდა პირველადი კიბოსი, შესაძლოა დააზიანოს მეზობელი ორგანოების (წინამდებარე ჯირკვლის, საშვილოსნოს და სხვა) სიმსივნემაც. სიმპტომები და მიმდინარეობა. შარდის ბუშტის კარცინომის მთავარი სიმპტომია ჰემატურია (შარდში სისხლის მინარევის არსებობა). ასიდან 75 შემთხვევაში ის დაავადების პირველ სიმპტომს წარმოადგენს. ჰემატურია მოულოდნელად ვითარდება. სისხლის მინარევი შესამჩნევია, მაგრამ არ შეინიშნება თირკმლის კიბოსთვის დამახასიათებელი ჭიისმაგვარი სისხლის კოლტები. ჰემატურია უფრო შეუპოვარია, ვიდრე პაპილომის დროს. ინფექციის დართვისა და ცისტიტის განვითარების შემთხვევაში შესაძლოა შარდვა გახშირდეს და მტკივნეული გახდეს. კიბოთი ინფილტრირებისას შარდის ბუშტის კედლის ელასტიკურობა იკლებს, რაც ასევე იწვევს შარდვის გახშირებას. დაავადება შესაძლოა გართულდეს ჰიდრონეფროზით და პიელონეფრიტით.