თხილისებრთა ოჯახში შედის. დიდი ზომის, 7 მეტრამდე სიმაღლის ბუჩქია, გლუვი თხელი ქერქით 60-120 მმ სიგრძის და 50-90 მმ სიგანის მარტივი, ოვალური, კვერცხისებრი, ან უკუკვერცხისებრი, შებუსვილი, ბოლოწვეტიანი, ფუძეგულისებრი, ორმაგხერხკბილა დაკბილული ფოთლები ტოტებზე მორიგეობითაა განლაგებული. ერთსახლიანი მცენარეა სქესგაყოფილი ყვავილებით. მამრობითი ყვავილები თავჩაქინდრულ მჭადაყვავილედშია შეკრებილი, რომლებიც მინიატურული ჩურჩხელებივითაა ჩამოკიდებული ტოტებზე. მდედრობითი ყვავილები სათითაოდაა გაბნეული ვარჯში ან წყვილ-წყვილად ზის შეზრდილი თანაყვავილედის ქერქის იღლიაში. ღია მწვანე ფერის, კიდედაკბილულ საბურველში ჩამჯდარი ერთთესლიანი კაკალი გარეგნულად სხვადასხვა ფორმისაა საკმაოდ სქელი ნაჭუჭით. ყვავის ადრე გაზაფხულზე, ხშირად მარტში, ანემოფილური მცენარე. ე.ი. დამტვერვა ქარის მეშვეობით ხდება. ნაყოფები აგვისტო-სექტემბერში მწიფდება. ბუნებრივ პირობებში მოსავალი 50-500 კგ (ჰა). შეადგენს. უხვმსხმოიარობა 1-2 ან 3 წელში ერთხელ აღინიშნება, ზოგჯერ კი სრულმოუსავლიანი წელიც აღინიშნება ხოლმე, რაც გაზაფხულის ყინვების და ხშირი წვიმების მავნე გავლენითაა განპირობებული, თესლით მიღებული ეგზემპლარები ნაყოფმსხმოიარობას 5-10 წლიდან იწყებს, ვეგეტაციურად გამრავლების შემთხვევაში კი გაცილებით ადრე. ცოცხლობს 60-80Oწელი. მრავლდება თესლით, ფესვის ნაბარტყვით, ძირკვის ამონაყარითა და კალმებით. გვხვდება როგორც ბარდა, ასევე მთაშიც ზღვის დონიდან 2000-2100 მ სიმაღლემდე. საკმაოდ ყინვაგამძლეა, მაგრამ ხანგრძლივი ძლიერი ყინვის დროს ძლიერ ზიანდება ან მიწის ზედა ნაწილები მთლიანად იყინება. იზრდება როგორც ღია ადგილებში, ასევე ტყის კალთის ქვეშ ქვეტყედ, მაგრამ ძლიერ და ხანგრძლივ დაჩრდილვას ვერ იტანს. ძლიერ ზრდას ტენით უზრუნველყოფილ კირით მდიდან ნოყიერ ნიადაგებზე ამჟღავნებს. თხილის ნაყოფის გული 58-71 პროცენტ ცხიმს, 14-18 პროცენტ ცილებს, 2-5 პროცენტ საქაროზას, B და E ჯგუფის ვიტამინებს და რკინას შეიცავს. გამოიყენება საჭმელად უმად, ან მისგან ამზადებენ კანფეტებს, კრემს, შაქარლამას, საუცხოოა თხილის ჩურჩხელა. დანაყილ თხილის გულს მცირე რაოდენობით წყალს ურევენ და მიიღება თხილის რძე, რომელიც ძალიან ყუათიანია და რეკომენდებულია ავადმყოფობით დასუსტებულთათვის. მოხალული გულისგან მზადდება ყავის მსგავსი სასმელი, ფართოდ გამოიყენება ლიქიორის წარმოებაში, თხილის ზეთი არომატული და სასიამოვნო გემოსია, მას, გარდა კვების მრეწველობისა და საღებავების, პარფიუმერიისა და საპნის წარმოებაში იყენებენ. ზეთის გამოხდის შემდეგ ნარჩენი მასა ხალვის დასამზადებლად გამოიყენება. მერქანს იყენებენ წვრილმან სახელოსნო საქმეში (კასრების სალტეები, ყავარჯნები და სხვ.) ყლორტებისგან წნავენ კალათებს, მსხვილი ღეროებიდან ხდიან ტკეჩს და მისგან წნავენ მეტად მსუბუქ და გამძლე კალათებსა და გოდრებს. შეფოთლილი ყლორტების მოჭრით ამზადებენ ვიტამინიზებულ მწვანე ნეკერს, რომელსაც ზამთარში ყველა სახის რქოსანი საქონელი ხალისით ჭამს. თხილის ნახერხი კარგი საშუალებაა ღვინის და ძმრის გასაფილტრავად. თხილის მერქნის ნახშირს მხატვრობაში იყენებნ, წარსულში მისგან თოფის წამალსაც აკეთებდნენ. მერქნის მშრალი გამოხდით მიიღება სამკურნალო სითხე, რომელსაც ადრე იყენებდნენ ეგზემის და კანის სხვა დაავადებების სამკურნალოდ. ქერქში 10 პროცენტამდე ტანინებია. ბულგარეთის მედიცინა სამკურნალოდ თხილის ფოთლებისა და ღეროს ქერქს იყენებს, რომელთაც ძარღვების შევიწროების თვისება გააჩნიათ. გამოიყენება იმპორტული სამკურნალო ნედლეულის ჰამამულისის ნაცვლად ვენების გაგანიერების, პერიფლებიტების, წვივის წყლულებისა და კაპილარული ჰემორარგის დროს. ფოთლების ნახარში რეკომენდებულია წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის სამკურნალოდ, ფოთლები და ქერქი ნაყენის სახით გამოიყენება. ერთ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს (ერთი დღის დოზა). |