დეპრესია (ლათ. დეპრესსიო - დათრგუნვა) შესაძლოა განვითარდეს როგორც ტრავმული მოვლენის საპასუხო რეაქცია ან მუდმივი სტრესის შედეგი; შესაძლოა, რაიმე აშკარა მიზეზი არც კი ჰქონდეს. არსებობს პათოლოგიური დეპრესიაც, რომელიც ერთ-ერთ ფსიქიატრიულ სინდრომს წარმოადგენს. დეპრესიის ტიპური გამოვლინებაა: უგუნებობა. ადამიანს იპყრობს მძიმე და მტანჯველი განცდები, შფოთვა, ნაღველი; საქმის მეორე დღისთვის გადატანა, უხალისობა და გულგრილობა. ადამიანს აღარ ახარებს ის, რაც ადრე ახალისებდა (სამუშაო, გართობა, საზოგადოება, საყვარელი საჭმელი და ა.შ.). ის აპათიურია, მოთენთილი, არ სურს არაფრის კეთება, ვერც საამისო ენერგიას გრძნობს; ადვილად დაღლა და გამოფიტვა, მუდმივი დაღლილობის შეგრძნება. დაავადებულს ერთი სული აქვს, თავი დააღწიოს ყოველგვარ ვალდებულებას და დაისვენოს, მაგრამ დასვენება მდგომარეობას არ აუმჯობესებს. ამ სიმპტომებთან ერთად დეპრესიას ახასიათებს: კონცენტრირების უნარის დაქვეითება, გონებაგაფანტულობა. ადამიანს უჭირს საუბრის არსის წვდომა, წაკითხულიდან ვერ გამოაქვს შინაარსი და ა.შ.; არასრულფასოვნებისა და დანაშაულის განცდა, თვითშეფასების უნარის მკვეთრი დაქვეითება; წარსულსა და მომავალზე აზრის შეცვლა. ასეთ ადამიანებს წარსული უაზრო ეჩვენებათ, მომავალი კი უპერსპექტივო და უიმედო; თვითმკვლელობაზე ფიქრი; საზოგადოებისგან თვითიზოლაცია: ძილის დარღვევა: ძნელად დაძინება, მეტისმეტად ადრე გაღვიძება ან, პირიქით, ძილიანობა. ავადმყოფი ახალგაღვიძებულიც კი გამოუძინებლობას, დაღლილობის შეგრძნებას უჩივის; უმადობა, საჭმლის ზიზღი; მღელვარება საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მოსალოდნელია ზურგის, გულის, თავის ტკივილი ორგანული მიზეზების გარეშე. |