lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Gestosis
გესტოზი ორსულობის გართულებაა, რომლის დროსაც ხდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების, განსაკუთრებით - სისხლძარღვთა სისტემისა და სისხლის მიმოქცევის, დისფუნქცია. გესტოზის პირველი კლინიკური სიმპტომია შეშუპება, რომელსაც მედიცინაში ორსულთა წყალმანკს უწოდებენ. მეტწილად შუპდება ქვედა კიდურები და ხელის მტევნები. მოგვიანებით ვლინდება არტერიული წნევის მატება და შარდში ცილების გაჩენა, რაც დაავადების სიმძიმეზე მეტყველებს. ამ სიმპტომების შემჩნევისას აუცილებელია მეან-გინეკოლოგთან ვიზიტი, ვინაიდან შესაძლოა, გესტოზმა ორსულის ჯანმრთელობასა და ნაყოფის განვითარებაზე ნეგატიურად იმოქმედოს. გესტოზი სხვადასხვანაირად ვლინდება, დაწყებული გაჭიანურებული, ნაკლებად გამოხატული ფორმით (რომელიც ორსულს შესაძლოა არც კი აწუხებდეს), ელვისებური და ლეტალური ფორმების ჩათვლით. განასხვავებენ მის სამ კლინიკურ ფორმას: ორსულთა შეშუპებას, პრეეკლამფსიასა და ეკლამფსიას. შეშუპება შეიძლება იყოს როგორც აშკარა, ისე ფარული. გესტოზის ადრეულ სტადიაში ვითარდება ფარული შეშუპება, რაც ქსოვილებში სითხის შეკავებით არის განპირობებული. ამ დროს შარდმდენებით თვითმკურნალობა არამცთუ არ ამცირებს შეშუპებას, არამედ აუარესებს ორსულისა და ნაყოფის ზოგად მდგომარეობას. ორსულობისას განვითარებული შეშუპება ყოველთვის გესტოზის ბრალი არ არის, ამიტომ დიაგნოზის დასაზუსტებლად და მართებული მკურნალობის შესარჩევად აუცილებელია მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია. პრეეკლამფსია უვითარდება ორსულთა 5%-ს (მეტწილად - პირველმშობიარეებს) ორსულობის მე-20 კვირიდან მშობიარობის შემდგომ პირველ კვირამდე. ვლინდება სამი ძირითადი სიმპტომით: შეშუპებით, ჰიპერტენზიითა და პროტეინურიით. ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა) გესტოზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინებაა, რადგან სისხლძარღვების სპაზმის ხარისხს ასახავს. ამ დროს სისტოლური წნევა 30 მმ. ვწყ. სვ-ით იმატებს, დიასტოლური კი - 15 მმ. ვწყ. სვ-ითა და მეტით. მძიმე პრეეკლამფსია მეტწილად ცნს-ის, კერძოდ, თავის ტვინის სისხლით მომარაგების დარღვევით გამოიხატება. ორსული უჩივის კეფაში სიმძიმის შეგრძნებას ან თავის ტკივილს, გულისრევის შეგრძნებას, ღებინებას, მხედველობის დარღვევას. მოსალოდნელია ცვლილებები ფსიქიკურ სფეროში, კერძოდ, მომხდარის არაადეკვატური აღქმა. ეკლამფსია გესტოზის ყველაზე მძიმე სტადიაა და რთული სიმპტომოკომპლექსი ახასიათებს. ყველაზე ტიპური ნიშანია განივზოლიანი კუნთების კრუნჩხვა. შეტევისას არტერიული წნევის ნახტომისებრი ზრდის გამო შესაძლოა თავის ტვინის სისხლძარღვი გასკდეს და განვითარდეს ინსულტი, ანუ ქალასშიგა სისხლჩაქცევა. არ არის გამორიცხული პლაცენტის ნაადრევი აშრევება, რაც ხშირად ნაყოფის სიკვდილის მიზეზად იქცევა.