lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Grippus avium
ქათმის ანუ ფრინველის გრიპი ფრინველის ინფექციური დაავადებაა, რომელსაც A ტიპის გრიპის ვირუსის ერთ-ერთი შტამი იწვევს. მან პირველად საუკუნის წინათ იტალიაში იჩინა თავი, დღეს კი უკვე ყველგან გვხვდება. ქათმის გრიპის ვირუსით ნებისმიერი ფრინველი შეიძლება დასნებოვნდეს, თუმცა ზოგიერთი სახეობა შედარებით იშვიათად ინფიცირდება. გარეულ ფრინველებში ქათმის გრიპი ფარულად მიმდინარეობს და ეპიდემიური თვალსაზრისით საშიში არ არის, შინაურ ფრინველებში კი შესაძლოა მეტად მძიმე, მომაკვდინებელი სნეულება და ეპიდემია გამოიწვიოს. შინაურ ფრინველებში ინფექცია ზოგჯერ უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ზოგჯერ კი კვერცხდების შემცირებას ან სასუნთქი სისტემის დაავადებას იწვევს. არსებობს ელვისებური ფორმაც, რომელიც წინამორბედი სიმპტომების გარეშე ფრინველის სიკვდილით სრულდება. ქათმის გრიპს ფრინველები ავრცელებენ. ვირუსის რეზერვუარად მიჩნეულნი არიან გადამფრენი წყლის ფრინველები - გარეული იხვი, ბატი, ყანჩა და სხვები. მათ ვირუსი ნაწლავებით გადააქვთ და ნერწყვსა და ფეკალურ მასასთან ერთად გარემოში გამოყოფენ. გამომწვევი ყველაზე ხშირად სწორედ ფეკალურ-ორალური გზით გადაეცემა. ფრინველის გრიპის ვირუსი უძლებს ყინვას, მაგრამ რამდენიმე წამში კვდება მაღალ ტემპერატურაზე, მაგალითად, მდუღარე წყალში ან გახურებულ ტაფაზე. ინფიცირებული ფრინველის ხორცის საკვებად გამოყენება, თუ ის თერმულად სათანადოდ არის დამუშავებული, დაავადებას არ გამოიწვევს, მაგრამ საშიშია გრიპით დაავადებულ მკვდარ ფრინველთან შეხება - მის სხეულზე გრიპის ვირუსის არსებობის ალბათობა ძალიან დიდია. ადამიანებში ფრინველის გრიპი ისეთსავე სიმპტომებს იწვევს, როგორსაც გრიპის ნებისმიერი სხვა ვირუსი: მაღალ ტემპერატურას, სუნთქვის გაძნელებას, ხველას, ყელისა და კუნთების ტკივილს. ეს ვირუსი იმით არის საშიში, რომ ძალიან მალე იწვევს პნევმონიას, გულისა და თირკმელების მხრივ მძიმე გართულებებს. ფრინველის გრიპის ვირუსი, თეორიულად, ადამიანის ინფიცირებას არ უნდა  იწვევდეს, მაგრამ 1997 წლიდან დღემდე ინფიცირებისა და სიკვდილის რამდენიმე ათეული შემთხვევა აღირიცხა. ადამიანი ქათმის გრიპის გავრცელების ჯაჭვში უკანასკნელ რგოლს წარმოადგენს. დასნებოვნება შესაძლებელია ცოცხალ ინფიცირებულ ფრინველთან ან ავადმყოფი ფრინველის ხორცთან კონტაქტით. არ არის აღრიცხული ამ ვირუსის ადამიანისგან ადამიანისთვის გადაცემის შემთხვევა. გარდა ადამიანისა, ფრინველის გრიპის ვირუსით დასნებოვნების შემთხვევები რეგისტრირებულია ვეშაპებს, ვირთხებს, ღორებს, წაულებსა და შინაურ ცხენებს შორის. ღორების პოპულაციაში გრიპის გავრცელება 1970, 1996 და 2004 წლებში აღირიცხა. ღორების ინფიცირება ერთი რამის გამოა საყურადღებო: ისინი შეიძლება დაავადდნენ როგორც ფრინველის, ისე ადამიანის გრიპით, ამ ორი ვირუსის თანხვედრის შემთხვევაში კი შესაძლოა მოხდეს ფრინველის გრიპის მუტაცია და მან ადამიანისგან ადამიანზე გავრცელების უნარი შეიძინოს. მუტაციის საშიშროება არსებობს ადამიანის ორგანიზმში ფრინველის გრიპისა და სხვა სახის გრიპის ვირუსების თანხვედრისას.