ხარისძირასებრთა ოჯახში შედის. ხარისძირას რაჭაში ჯუჯუყვერას, თეთრყაყაჩოს, აჭარაში კრუხის ბუდეს ეძახიან. მრავალწლიანი, 25-60 სმ სიმაღლის მცენარეა, ღერო მცირედ იტოტება, ფოთლები ღრმად დაკვეთილი და ნაპირებზე ხერხისებურად დაკბილულია. ღეროს ძირში განლაგებული ფოთლები გრძელყუნწიანი და 5-11 ნაკვთიანია. თითოეული ნაკვთი ფართოელიფსური მოყვანილობისა და ბოლოწვეტიანია. ღეროზე განლაგებული 1-2 ფოთოლი მჯდომარეა, ღეროს კენწეროზე უვითარდება 1-3 ყვავილი. ყვავის დეკემბერ-აპრილში, იმის მიხედვით, თუ ზღვის დონიდან რა სიმაღლეზე იზრდება. გვხვდება ქართული მუხის სარტყელში. უფრო ხშირად ზღვის დონიდან 100 მეტრამდე იზრდება, იშვიათად 1200 მ და უფრო მაღლაც გვხვდება. ხარისძირა ჩვენი კალთაშეთხელებული ტყეების, ტყისპირების და ბუჩქნარების მკვიდრი, შხამიანი მცენარეა. ფართოდაა გავრცელებული საქართველოს თითქმის ყველა მხარეში. ლიტერატურაში აღწერილია ცნობები ხარისძირათი ცხენების მოწამვლისა და სიკვდილიანობის შესახებ. 1 კგ ბალახი ცხენისათვის სასიკვდილო დოზაა. ხარისძირას ფესვებსა და ფესურაში მოიპოვება გლიკოზიდები, მათ რიცხვშია 0,1 პროცენტი კოლერბორინი P, რომელიც გულზე სტროფანტინის მსგავსად მოქმედებს. კოლერბორინ P-ს იყენებენ სისხლის მიმოქცევის II და III ხარისხის დარღვევის დროს, უმთავრესად გულის ქრონიკული უკმარობის შემთხვევაში. იგი განსაკუთრებით ეფექტურია იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა სწრაფი და ხანგრძლივი ეფექტი. კოლერბორინ P ერთჯერადი თერაპიულ დოზაა 0,000125-0,0025 გ ვენაში თანდათანობით შეჰყავთ 20 მლ 40 პროცენტიანი გლუკოზის ხსნარი, დღეში ერთხელ სისხლის მიმოქცევის უკმარობის II და III ხარისხის შემთხვევაში. კოლერბორინ K აბებს უნიშნავენ 0,0002 გ (0,2 მგ) ერთ მიღებაზე დღეში 3-4-ჯერ; საერთო რაოდენობით 0,0008 გ-მდე (0,8 მგ-მდე). კოლერბორინ K ერთ-ერთი უძლიერესი საგულე გლიკოზიდია. ბიოლოგიური აქტიურობით აღემატება კონვალლატოქსინს, ერიზიმინსა და სტროფანტინს. ტოქსიკურობის მხრივ კი სტროფანტინსა და დიგიტოქსინს შორის დგას. უფრო კი უკანასკნელის ახლოს. მოქმედებას ჩქარა, ორგანიზმში შეყვანისთანავე იწყებს. იგი აძლიერებს სისტოლას, ახანგრძლივებს დიასტოლს, აიშვიათებს გულის რითმს, ამაღლებს სისხლძარღვების ტონუსს, ზრდის დიურეზს და სისხლის გადატანის სისწრაფეს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში თითქმის არ იშლება. კოლერბოლინი K ბიოლოგიური აქტიურობით კოლერბორინ P-ს უახლოვდება, მაგრამ იგი უფრო ნაკლებტოქსიკურია, მოქმედებს უფრო ჩქარა და მისი კუმულაციური თვისებაც უფრო ნაკლებადაა გამოხატული . ხალხური მედიცინა ხარისძირას ფესვებისა და ფესურის ნახაშს ხმარობს მცირე დოზით (1/2 ჩაის კოვზი ფესვები 0,5 ლ წყალზე). სიმსივნეების, ბუასილის, ხველების, პლევრიტის, ტუბერკულოზის, ჩირქოვანი ჭრილობების, ქერტლის სამკურნალოდ და თმის გასაზრდელად. ვეტერინარიაში ფესურას მცირე რაოდენობით საკვებში უმატებენ ბატკნებისა და ცხვრების "მოსამაგრებლად". ხარისძირას სამკურნალოდ გამოყენება ექიმის რჩევის გარეშე დაუშვებელია მისი ძლიერი ტოქსიკურობის გამო. |