lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Hyoscyamus niger
ლენცოფა ძალზე გავრცელებული სარეველაა. მისი ფართოდ გავრცელების ძირითადი მიზეზია თესლების დიდი რაოდენობა. ერთი მცენარე საშუალოდ იძლევა 10000 თესლს, ლიტერატურაში ცნობილია ისეთი ეგზემპლარებიც, რომლებშიც აღმოჩნდა 950000 თესლზე მეტი. გარდა ამისა, ლენცოფას თესლი ადვილად ვითარდება ცუდ პირობებშიც. ლენცოფა განეკუთვნება ძაღლყურძენათა ოჯახს. მისი მეცნიერული სახელწოდება წარმოდგენა ბერძნული hyos "ღორი" და cyamus- "პარკი". სახელწოდება მცენარეს მისცა დიოსკორიდმა, რომელმაც შენიშნა, რომ ლენცოფას ჭამის შემდეგ ღორები ავად ხდებიან. ლენცოფა ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა ღერძიანი ფესვით. სიცოცხლის პირველ წელიწადს ვითარდება მხოლოდ ფესვთანური ფოთლები. ფოთლები მსხვილია გრძელ ყუნწებზე, კვერცხისებრი ან მოგრძო, ფოთლებს ფორმა მეტად ცვალებადი აქვთ. მეორე წელიწადს ვითარდება 100-150 სმ სიმაღლის ძირიდანვე დატოტვილი ღერო, რომელიც ზედა ნაწილში კვლავ იტოტება. ღეროს ფოსოები მორიგეობითია, მჯდომარე, ღერომხვევი და ზომით უფრო პატარაა, ვიდრე ფესვთანური ფოთლები, ფორმით კვერცხისებრია, ამოკვეთილდასერილი, ქვედა ფოთლები 5-7 ნაკვთიანია, შუა 3 ნაკვთიანი, ზედა 1-2 ნაკვთიანია, მსხვილი მთლიანკიდიანი კბილებით. ფოთლები რბილია და წებოვანი დიდი რაოდენობით ბუსუსიანი ჯირკვლების გამო. ყვავილედი _ შეფოთლილი ხვეულაა, მოთავსებული ღეროსა და ტოტების კენწრულ ნაწილში, რომელიც ყვავილების გაშლასთან ერთად იწელება. ყვავილები ვითარდება თანდათანობით. ისე, რომ ღეროზე ერთდროულად არის როგორც გასაშლელი ყვავილი, ასევე განვითარებისა და მწიფობის ყველა სტადიაში მყოფი ნაყოფი. ყვავილები საკმაოდ მსხვილია, ფურცელშეზრდილნი სხედან ფოთლების უბეებში. ჯამი დოქისებრია, ხუთკბილიანი, რჩება ნაყოფთან ერთად. გვირგვინი მსხვილი, აბრისებრია, ხუთფურცლიანი, ჭუჭყიანი-ყვითელი, მუქი-მელნისფერი ძარღვების ბადითა და მუქი-მელნისფერი ხახით. მტვრიანა 5, ნასკვი – ზემოთა. ყვავილობს თითქმის მთელი ზაფხული. ნაყოფი – ორბუდიანი, მრავალთესლიანი დოქისებრ ჯამში მოთავსებული კოლოფია, რომელიც იხსნება თავსახურით. თესლი წვრილია, მომრგვალო, ბრტყელი, მონაცრისფრო-ყვითელი ფერის. მთელი მცენარე შხამიანია. ლენცოფა გვხვდება საცხოვრებელი სახლების მახლობლად დანაგვიანებულ ადგილებში, საბალახოებში. ნედლეულად აგროვებენ პირველი წლის ფესვთანურ ფოთლებსა და აყვავებული მცენარის ღეროს ფოთლებს ყვავილობის პერიოდში. ჩვეულებრივად მიწიდან თხრიან მთელ მცენარეს, ჭრიან ღეროს და შემდეგ აცლიან ფოთლებს. ნედლეულს ამზადებენ აგრეთვე მთელი მცენარისგანაც. ამ შემთხვევაში ჭრიან მცენარის ღეროს ფოთლებიანად, ყვავილითა და განვითარების ყველა სტადიაში მყოფ ნაყოფთან ერთად. ბალახს ჭრიან 2 სმ სიგრძის ნაჭრებად. ნედლეულის შენახვის ვადა 2 წელია. ნედლ მცენარეს აქვს მძიმედ გამაბრუებელი სუნი, რომელიც შრობის შემდეგ თითქმის ქრება. ლენცოფას ფოთოლში ნაპოვნია 0,045-0,1% ალკალოიდები, ფესვებში – 0,05-0,17%, თესლში – 0,06-0,1%. ლენცოფას ფოთლები შეიცავენ დიდი რაოდენობით ნაცარს, ეს იმით აიხსნება, რომ მცენარე `აგროვებს მტვერს~, რადგან აქვს ბევრი წებოვანი ბუსუსი და იზრდება დანაგვიანებულ ადგილებში. ლენცოფას ხმარობენ, როგორც ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას. გარეგანად მას იყენებენ ზეთის სახით. რევმატიზმის დროს სვამენ ლენცოფას ზეთს. შინაგანად მას გამოყენება აქვს ფხვნილის სახით ხველის დროს; იგი შედის ასთმის საწინააღმდეგო ფხვნილში – "ასტმატოლი". ლენცოფას სამკურნალო თვისებებს კარგად იცნობდნენ ჯერ კიდევ ძველ ბაბილონში, ეგვიპტეში, სპარსეთში, არაბეთში, საბერძნეთსა და რომში. ავიცენა ლენცოფას შესახებ წერდა, რომ იგი მალამოს სახით აყუჩებს ნიკრისის ქარით გამოწვეულ ტკივილებს  ზეთი კი – ყურის ტკივილს. მკერზე სიმსივნის დროს იკეთებენ ფოთლების საფენებს. მის წვენს ისვამდნენ აგრეთვე ორსულობის შემდეგ მკერდის სიმსივნის დროს, რადგან იგი ხელს უშლის სიმსივნეების წარმოშობას და შლის მათ. ავიცენა იქვე აღნიშნავს, რომ ლენცოფას ფოთლის სახვევს იკეთებენ საკვერცხეების სიმსივნის დროსაც. ლენცოფა ძალიან შხამიანი მცენარეა. ავიცენა წერს, რომ ლენცოფას შხამი იწვევს ჭკუაზე შეშლას, მეხსიერების დაკარგვასა და გაცოფებას.