lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
Juniperus Oblonga M. B.
კვიპაროსისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. მარადმწვანე ორბინიანი, იშვიათად ერთბინიანი, 8-12 მ სიმაღლის ბუჩქადაც გვხვდება მურა-ნაცრისფერი ქერქით. წახნაგოვანი ყლორტები შეფოთლილია სამწახნაგოვანი გრძლად წაწვეტილი 4-16 (20) მმ სიგრძის წიწვისებრი მჩხვლეტავი ფოთლებით, რომელიც ზედა მხრიდან ღარისებრი ჩაღრმავებით და თეთრი ზოლით ხასიათდება, ქვემოდან კი მბრწყინავი მწვანე ფერისაა, დამახასიათებელი ქედით. გირჩები კი მრავალრიცხოვანია - მოგრძო, კვერცხისებრი, 2 მმ-მდე სიგრძით, რომლებიც სათითაოდ სხედან ფოთლების იღლიებში. პირველ წელს მწვანეა, კვერცხისებრი ფორმით, მეორე წელს მომწიფებისას კი მრგვალ ფორმას იძენს და მოლურჯო-შავი შეფერვისაა მორუხო ნაფიფქით, გირჩში 3, იშვიათად 1-2 სამწახნაგოვანი თესლი ზის. 1000 თესლის წონა დაახლოებით 13 გრამს შეადგენს. მრავლდება თესლით. გვხვდება ხირხატნიადაგიან მშრალ განათებულ ადგილებში. ღვიების სხვა სახეობებთან შედარებით იგი ყველაზე ხშირად გვხვდება, ამასთან დიდი ეკოლოგიური დიაპაზონითაც გამოირჩევა, იზრდება როგორც დაბლობ, ისე მაღალმთიან ადგილებშიც. გავრცელებულია თითქმის მთელს კავკასიაში. გრძელწიწვიანი ღვიის გირჩი მედიცინაში გამოიყენება ნაყენის სახით, როგორც ანთების საწინააღმდეგო და დიურეტული (შარდმომგვრელი) კარგი საშუალება. იგი საშარდე გზების დეზინფიცირებას ახდენს, აქვს ამოსახველებელი მოქმედება და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. გამოიყენება შარდმდენად თირკმლების (არამწვავე) და საშარდე ბუშტის ანთების დროს. რეკომენდებულია სახსრების ტკივილის, კანის ანთებითი (დერმატიტის), აგრეთვე კუჭისა და ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ. გირჩების ნაყენის მოსამზადებლად წვრილად დანაწევრებულ ხმელ გირჩს ორი ჩაის კოვზის რაოდენობით ასხამენ ერთ ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს და სამ სათს დააყენებენ. ესაა ერთი დღე-ღამის ნორმა შარდის დენის გასაძლიერებლად. 100გ გირჩს 400 გ წყალში ხარშავენ, მიღებულ გამონახარშს ფილტრავენ, შემდეგ ნახარშს კვლავ დგამენ მდუღარე წყლიან ჭურჭელში და ხარსავენ ორთქლზე, დაუმატებენ შაქარს ვაჟინის (სიროფის) მისაღებად. გამზადებულ ვაჟინს დღეში 3-ჯერ იღებენ ჩაის კოვზით ჭამის წინ კუჭის დაავადებათა სამკურნალოდ. გირჩის გამონახარშს რევმატიზმის წინააღმდეგ იყენებენ შემდეგნაირად: 200 გ გირჩს ხარშავენ 1 ლ წყალში და ამ ნახარშს უმატებენ სააბაზანოდ განკუთვნილ წყალს. გაზაფხულობით კანზე გამონაყარის საწინააღმდეგოდ ურჩევენ პირდაპირ გირჩების ჭამას. (ყლაპავენ კარგად დაღეჭილ რბილობს, მაგარ თესლს კი გადააგდებენ). პირველ დღეს 5 ცალს, მეორე დღეს - 6-ს და ა.შ. ვიდრე 15-მდე არ ავლენ, შემდგომ დოზას ამცირებენ ასევე თანდათანობით, ვიდრე 5-მდე არ დავლენ. ასეთ მკურნალობას მიმართავენ ღვიძლის დაავადებების დროსაც. თირკმლების მწვავე ანთებისას ღვიის გირჩის პრეპარატები დაავადების გამწვავებას იწვევს, ამიტომ ექიმის გარეშე მისი გამოყენება დაუშვებელია. გირჩის ეთერზეთები ოპერაციულ ან სხივური მკურნალობისას კომბინირებულად, კეთილნაყოფიერად მოქმედებს კანის კიბოთი დაავადებისას. ღვიის ქერქის მონახარშს ხალხური მედიცინა ურჩევს როგორც აღმგზნებ საშუალებას სქესობრივი უნარის დაქვეითებისას. გირჩებისა და წვრილი ტოტების ფოთლებითურთ ნახარშის აბაზანებს იღებენ რევმატიზმის სამკურნალოდ. ტოტებსა და გირჩებს იყენებენ წყლამანკისა და ნერვული დაავადებების დროს. ჩვენი ქვეყნის დასავლეთ რაიონებში ხალხური მედიცინა ღვიის ფესვების სპირტიან ნაყენს ტუბერკულოზის, ბრონქიტის, თირკმლის ქვის და კანის დაავადების საწინააღმდეგოდ იყენებს. ინგლისში, საფრანგეთში, გერმანიაში, შვედეთსა და ფინეთში ღვიის ხმელი გირჩებით (ნაყოფები) კაზმავენ წვნიანებს, ღვიის დანაყილ ნაყოფს აყრიან ნადირის ხორცს, მისი ცხელი წყლით გამონაწვლილს ურევენ დანაყილ ნიორსა და ხახვს, ასეთნაირად შეკმაზულ გამონაწვლილში 5 ან 2-3 საათის განმავლობაში ათავსებენ ხორცს მისთვის მარინადის გემოს მისაცემად. 1 კგ ხორცზე 6-8, ხოლო ფრინველზე 4-5 ნაყოფს იღებენ. ღვიის პრეპარატების ხმარება დაუშვებელია ნეფრიტისა და ნეფროზონეფრიტის დროს. ხანგრძლივი გამოყენებისას თირკმლის პარენქიმის გაღიზიანებას იწვევს.